მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში 12 საკონტროლო გამშვები საგუშაგოა მოწყობილი

გამშვები პუნქტები

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს მარნეულსა და ბოლნისში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ.

უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, რეგიონში ძირითად გზებზე განთავსებულია 12 საკონტროლო გამშვები საგუშაგო, რომლის დახმარებითაც რეგიონში მოძრაობა კონტროლდება.

მათივე ცნობით, ასევე, კონტროლდება მეორეხარისხოვანი გზები, სადაც განთავსებულია მობილური საგუშაგოები. ასევე, მუდმივი კონტროლი ხორციელდება მობილური ჯგუფების მეშვეობითაც.

საკარანტინო პირობები მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, მოქალაქეთა შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვას ითვალისწინებს. ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ.

ცნობისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის შიდა გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა. სწორედ აღნიშნულის გამო, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტბში კარანტინი გამოცხადდა.