მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსი ექსპერტი - პუტინი ალიევის ბროკერი აღარ არის, სამხრეთ კავკასიისთვის ბრძოლა მხოლოდ საწყის ეტაპზეა

რუსი ექსპერტი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე

ჟურნალისტს და პუბლიცისტს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს სტანისლავ ტარასოვს მიაჩნია, რომ რუსეთისთვის და თურქეთისთვის მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები არის პრობლემაც, ამავდროულად ის ახალ შესაძლებლობებსაც ქმნის.

„ბაქო და ერევანი ნებისმიერ შემთხვევაში ამ ომიდან დასუსტებულები გამოვლენ, რაც მოსკოვს და ანკარას შესაძლებლობას აძლევს, რომ სომხეთს და აზერბაიჯანს საკუთარი პირობები უკარნახონ. თავის დროზე ბოლშევიკებმა ეს ტაქტიკა ქემალ ათათურქთან ურთიერთობებში აირჩიეს“ - ამბობს სტანისლავ ტარასოვი.

მისი თქმით, ლენინის, სტალინის და ტროცკის ამ ტაქტიკამ ათათურთქან საბოლოოდ არ გაამართლა, ვინაიდან მან ბოლშევიკური რევოლუციის იდეები კი არ გაავრცელა, როგორც ამას რევოლუციის ბელადები ფიქრობდნენ, არამედ ტერიტორიისთვის იბრძოდა.

„არ დაგვავიწყდეს, რომ პუტინი ლენინი არ არის, და ერდოღანი - არ არის ათათურქი. თურქეთის დღევანდელ ლიდერს სერიოზულად აშფოთებს სირიაში და ერაყში, ანუ თურქეთის საზღვართან დამოუკიდებელი ქურდისტანის შექმნის შესაძლებლობა. თუ ამას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არცახის (მთიანი ყარაბაღის) რესპუბლიკის შექმნის შესაძლებლობასაც დავუმატებთ, ერდოღანის მოქმედების ლოგიკას მივყვებით“ - წერს რუსი ექსპერტი.

ტარასოვის აზრით, ამ კონფლიქტში ვლადიმერ პუტინის მოქმედებაც შეზღუდულია, ის ვეღარ დარჩება ილჰამ ალიევის მთავარ ბროკერად და მოუწევს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ქვეყნების კოალიციის ფარგლებში მოქმედება.

„ახლა მომავალი მოვლენები იმაზე კი არ არის დამოკიდებული, შეხვდებიან თუ არა მოსკოვში აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, არამედ ვინ მიაღწევს წარმატებას ყარაბაღის ომში. გრძელვადიან პერსპექტივაში სამხრეთ კავაკსიისთვის ბრძოლა მხოლოდ საწყის ეტაპზეა,“ - წერს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი სტანისლავ ტარასოვი.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. შეიარაღებული დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.