მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანული მხარე: მოწინააღმდეგის დიდი რაოდენობით ტექნიკა გავანადგურეთ (ვიდეო)

არტილერია მთიან ყარაბაღში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 19 და 20 ოქტომბერს მთიან ყარაბაღში მოწინააღმდეგის დიდი რაოდენობით ტექნიკა და ცოცხალი ძალა იყო განადგურებული. თავდაცვის უწყება შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მძიმე ბრძოლა აღდამის, ფიზულის, ჰადრუთის, ჯებრაილის, ღუბადლის და ზანგელანის მიდამოებში მიმდინარეობდა. განადგურებულია 2 ტანკი, 4 სარაკეტო დანადგარი, 1 ქვემეხი და 5 ავტომობილი.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ფიზულის რაიონში სომხურმა მხარემ კონტრშეტევა სცადა, მაგრამ ის მოგერიებული იყო.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ანადგურებს აზერბაიჯანული მხარე სომხურ ტექნიკას ე.წ. კამიკაძე დრონების მეშვეობით. უპილოტო საფრენ აპარატებს აზერბაიჯანული მხარე მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტში კვლავ აქტიურად იყენებს.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.

18 ოქტომბერს ბაქო და ერევანი ცეცხლის შეწყვეტაზე კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ, თუმცა მალევე ორივე მხარემ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მოწინააღმდეგემ შეთანხმება დაარღვია.