მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეუთო-ს მისია სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

ეუთოს დროშა

„მკაცრად ვგმობთ ძალის გამოყენებას“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ესკალაციას და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შესახებ განცხადებას აქვეყნებს, რითიც მხარეებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისაკენ მოუწოდებს.

„თანათავმჯდომარეები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მასშტაბური სამხედრო მოქმედებებით შეშფოთებულნი არიან. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალის გამოყენებას და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოვთქვამთ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

თანათავმჯდომარეები მხარეებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებენ.

„თანათავმჯდომარეები მხარეებს მოუწოდებენ, სიტუაციის სტაბილიზაციისთვის ყველა აუცილებელი ზომა მიიღონ, ვინაიდან მოლაპარაკების გზით, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა და საომარი მოქმედებები კვლავ განახლდა.

გავრცელებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი როგორც სამხედროებს, ისე მოქალაქეთა შორის.