მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქეთევან ციხელაშვილი: ჯუმბერ მილაძე ცხინვალში დაწესებული არაადამიანური შეზღუდვების მორიგი მსხვერპლია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი

"საუბედუროდ ეს არის მორიგი მსხვერპლი იმ ძალიან არაადამიანური და ამავდროულად სრულიად არალეგარული შეზღუდვებისა, რომელიც აქვს მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში იზოლაციის პირობებში",- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებული ახალგორიდან გადმოყვანისას გარდაცვლილი ჯუმბერ მილაძის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ინსულტი ჰქონდა.

"როგორც ჩემთვის არის ცნობილი, რამდენიმე დღის წინ ის ახალგორიდან გადაიყვანეს ოკუპირებულ ცხინვალში, რაც მაღალ მთაში ძალიან რთულ სერპანტინებს უკავშირდება, რაც ამგვარი პაციენტების შემთხვევაში უკუჩვენებეს იწვევს. ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა მამაკაცი გადმოეყვანა ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც არ მოხერხდა, რეალურად დაგვიანდა და ცხადია, ამან ძალიან დაამძიმა პაციენტის მდგომარეობა",- აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, მსგავსი არაჰუმანური დამოკიდებულება ადამიანების სიცოცხლის მიმართ საოკუპაციო რეჟიმის მიერ კატეგორიულად მიუღებელია.

"არ უნდა ფერხდებოდეს ასეთ გადაუდებელ სამედიცინო საჭიროებაზე მაინც გადაადგილება, მით უფრო მოგეხსენებათ, რომ ახალგორელებს ექმნებათ ძირითადად ეს პრობლემა, რაც არის აბსოლუტურად, კატეგორიულად მიუღებელი, ატარებს ეთნიკურ ნიშანსაც და ეს კიდევ უფრო ამძიმებს აი ამ მოქმედებებს, რასაც ახორციელებს რეჟიმი“,- აცხადებს სახელმწიფო მინისტრი.

ოკუპირებული ახალგორიდან წილეთი ჯვრის რეანომობილით, გუშინ, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანისას 63 წლის ჯუმბერ მილაძე გზაში გარდაიცვალა.