მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანი მოხალისეთა რაზმების შექმნისკენ მოუწოდებს

ნიკოლ ფაშინიანი მოხალისეთა რაზმებს ქმნის

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის მოსახლეობას და ხელისუფლების წარმომადგენლებს მოხალისეთა რაზმების შექმნისკენ მოუწოდებს. „მინდა მოვუწოდო ქალაქების მერებს, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ორგანოების წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ შექმნან მოხალისეთა რაზმები, რათა დავიცვათ სომეხი ხალხის უფლებები. ისინი სომხეთის გენერალურ შტაბს უნდა დაექვემდებარონ და მისი ამოცანები შეასრულონ“ - განაცხადა ფაშინიანმა. ინფორმაციას Armenpress ავრცელებს. "ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, სხვა გზა არა გვაქვს, შუალედური ვარიანტი არ არსებობს“ - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ფაშინიანმა კიდევ ერთხელ 100 წლის წინ მომხდარი სომეხთა გენოციდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის სწორედ იმიტომ მოხდა, რომ ხალხი ელოდა, რომ მას ვიღაცა დაეხმარებოდა. „თითოეულმა სომეხმა ხელში იარაღი უნდა აიღოს და იმ ბიჭების გვერდით დადგეს, ვინც იბრძვის“ - განაცხადა ფაშინიანმა.

ფაშინიანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფას თურქეთი აფერხებს. ის აცხადებს, რომ თურქეთს მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონზე გავლენის გავრცელება სურს. ამასთანავე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანული ჯარის შეიარაღებაში თურქულის გარდა, ისრაელის წარმოების შეიარაღებაც არის. „კონფლიქტში აშკარად ჩარეულები არიან სხვა რეგიონის ქვეყნები“ - განაცხადა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. 10 და 18 ოქტომბერს მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს, თუმცა საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის უახლესი ამბები