მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველოსთვის საფრთხეს ვერ ვხედავ, მაგრამ ეკონომიკური პრობლემები იქნება“ - ზაქარეიშვილი სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაზე

კონფლიქტების სპეციალისტი

კონფლიქტოლოგის პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება საქართველოს საფრთხეს ვერ შეუქმნის, თუმცა იქნება სერიოზული ეკონომიკური პრობლემები.

„პროცესში დიდი სახელმწიფოებია ჩართული. აზერბაიჯანის უკან თურქეთია, რუსეთი სომხეთის უკან. რუსეთს, როგორც მინსკის თანათავმჯდომარეს, ვალდებულება აქვს, იყოს ნეიტრალური. რუსეთი იძულებულია, პოზიციები დაუთმოს თურქეთს.

თურქეთი მყარად უტევს რუსეთს კავკასიაში და მე ეს მომწონს. რუსეთის ინტერესებს ავიწროვებს, სამწუხაროდ ეს სისხლით და იარაღით კეთდება, მაგრამ ფაქტია, თურქეთი საკმაოდ სერიოზულად ამყარებს პოზიციებს კავკასიაში და ეს კარგია.

უსაფრთხოების მხრივ, საქართველოსთან საფრთხეს ვერ ვხდევა, მაგრამ ეკონომიკურად სერიოზული მომენტი იქნება. იმდენად ახლოს არ არის, რომ ჩვენზე გადმოვიდეს, მაგრამ ახლოსაა რუკაზე და ტურისტებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პრობლემებია, რეგიონი ტურისტებისთვის კიდევ უფრო მეტად მიუღებელი გახდება, რაც საქართველოსთვის დამაზიანებელი იქნება. ამას დაემთხვევა ლარის კურსი. მყარი გარანტიები თუ არ იქნება, ინვესტორები დაფიქრდებიან, რამდენად ღირს საქართველოში თუ რეგიონში ინვესტიციების ჩადება. ბევრი უარყოფითი გავლენა მოჰყვება“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

მისი ვარაუდით, დღეს არსებული სამხედრო დაპირისპირება 5-6 დღეში დასრულდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მორიგი ხელშეკრულებით. ამის გარანტორები იქნებიან მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, ამასთან თურქეთიც. თუმცა, ყველაზე ხანგრძლივი დაპირისპირება შეიძლება 1 თვე იყოს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუდმივი ომი იქნება.

„მაგრამ ვიდრე ხელი არ მოეწერება რაღაც ხელშეკრულებას, მანამდე იქნება დაძაბულობა და შეიძლება ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში გადაიზარდოს“,- აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

ამ სიტუაციაში, როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს ხელისუფლება? - ამასთან დაკავშირებით პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, საქართველომ უნდა დაადასტუროს, რომ თურქეთისთვის და აზერბაიჯანისთვის სტრატეგიული პარტნიორია, აგრეთვე დაადასტუროს, რომ სომხეთთან აქვს მეგობრული ურთიერთობა.

„საქართველომ ცალსახად უნდა დაადასტუროს, რომ ის არის სტრატეგიული პარტნიორი თურქეთისთვის და აზერბაიჯანისთვის. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი სარტყელია თურქეთი, საქართველო, აზერბაიჯანი. ეს არის ლითონის რკალი, რუსეთის გვერდის ავლით. ცალსახად უნდა დაადასტუროს ასევე მეგობრული ურთიერთობები სომხეთთან. ილაპარაკოს ბაქოსთან, რომ საქართველო ვალდებულია, გვქონდეს სოციალურ - ეკონომიკური და ჰუმანიტარული კონტაქტები სომხეთთან. მისდიოს ევროკავშირის პოლიტიკას. საქართველომ ცალსახად უნდა განაცხადოს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, მინსკის ჯგუფის შედეგები და მოუწოდოს მხარეებს, რომ მინსკის ჯგუფის ფარგლებში იმოქმედონ“,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა. ამჟამად იქ აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.