მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სუს-ი დავით გარეჯის საკითხზე: დესტრუქციული კამპანია მიმდინარეობდა

დავით გარეჯის კომპლექსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ერთ-ერთი საკითხია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებული მოვლენები.

როგორც სუს-ში ამბობენ, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველო სტაბილურად ინარჩუნებს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან.

"მიუხედავად ამისა, მუდმივად არის მიმდინარე ორმხრივ ურთიერთობებში პირდაპირი თუ ირიბი ჩარევისა და მათი მიზანმიმართული დაზიანების მცდელობები.

გასულ წელს დაფიქსირდა ტენდენცია, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფები ცდილობდნენ, აღნიშნულ ქვეყნებთან ურთიერთობების დესტაბილიზაციის მცდელობებით გადაეფარათ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი. ცალკეული ჯგუფების მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მიმდინარე პროცესების რუსულ ოკუპაციასთან გაიგივების მცდელობას.

აღნიშნულ კონტექსტში განსახილველია 2019 წელს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიც. ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ კამპანიას, რამაც საფრთხის წინაშე დააყენა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე არსებული ვითარება, ასევე, ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობა. აღნიშნულ პროცესებში ჩართული იყვნენ სხვადასხვა ძალები, მათ შორის, ეროვნული ფასეულობების დაცვის საფარს ამოფარებული ცალკეული პირები და პირთა ჯგუფები. საკითხის გასამწვავებლად აქტიურად იყო გამოყენებული ე.წ. საინფორმაციო ომის მეთოდები. მიმდინარეობდა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების დამაზიანებელი განწყობების წახალისება, ასევე, პროვოკაციული მოწოდებებით, შექმნილი ვითარების „ოკუპაციის სიბრტყეში“ გადატანის მცდელობა.

პროვოკაციების თავიდან აცილებისა და ვითარების დასტაბილურების მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. უწყება ჩართულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის მუშაობაში, რომელიც ასევე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის აღნიშნული საკითხის დარეგულირების ლეგიტიმურ ფორმატს წარმოადგენს.

საფრთხეების მინიმიზაციის მიმართულებით, შესაბამისი რეკომენდაციები ეძლევა მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ უწყებებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეგიონალური დანაყოფები, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებდნენ სასაზღვრო ზონის მიმდებარედ არსებული ოპერატიული ვითარების მონიტორინგსა და შესაბამის ოპერატიულ უზრუნველყოფას", - აღნიშნულია ანგარიშში.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოზე გავლენის მოპოვებით დაინტერესებული სახელმწიფოები ასევე ცდილობდნენ ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას და საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას.

"მნიშვნელოვან პროცესებზე უარყოფითი გავლენის მოხდენის მიზნით მიმდინარეობდა საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობები.

2019 წელს გარკვეული ძალების მიერ ადგილი ჰქონდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხის თაობაზე მოსახლეობის პოლარიზაციის მცდელობას. დაფიქსირდა მოსახლეობის მხრიდან სახელმწიფოსთან ძალისმიერი დაპირისპირების ფაქტი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, მიმდინარეობდა ვითარების მონიტორინგი და ხორციელდებოდა დეესკალაციის ღონისძიებები.

გასულ წელს ადგილი ჰქონდა სხვადასხვა დესტრუქციული ძალების მხრიდან რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების გარკვეულ ნაწილზე იდეოლოგიური ზეგავლენის და სეპარატისტული განწყობების სხვადასხვა ფორმით წახალისების მცდელობებს. აღნიშნულის ფარგლებში, სხვადასხვა სოციალური, კულტურული, საქველმოქმედო, საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურული თუ ბიზნეს პროექტებისა და აქტივობების საფარქვეშ, სამიზნე ჯგუფებში ხორციელდებოდა ანტიქართული განწყობების გაღვივებისა და საქართველოს სახელმწიფოსგან მათი დისტანცირების მცდელობა. ამავე დროს, პერიოდულად ვრცელდებოდა გაყალბებული ფაქტები და მიმდინარეობდა მითების შექმნა, რათა ყოფით ნიადაგზე წამოჭრილი საერთო პრობლემები ეთნიკური ნიშნით წარმოჩენილიყო.

საანგარიშო პერიოდში კონტროლზე იყო აყვანილი საქართველოს ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარება. აღკვეთილი იქნა გარკვეული აქტივობები, სადაც იგეგმებოდა საქართველოს მოქალაქეებში დესტრუქციული განწყობების გაღვივება. თავიდან იქნა აცილებული ცალკეული პირების ჩართვა ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ მსგავს პროექტებში. ხორციელდებოდა შესაბამისი სასაზღვრო კონტროლი და განეიტრალდა ეთნიკური დაპირისპირებების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანის მცდელობები", - ნათქვამია ანგარიშში.

უწყებაში აცხადებენ, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის არსებითი გამოწვევაა ცალკეული ქვეყნების "რბილი ძალის" პოლიტიკა და მისი რეალიზების მცდელობები.

"საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან გამოიკვეთა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საექსპერტო, სპორტული თუ სხვა პროფესიული არხების გამოყენებით საზოგადოების სხვადასხვა ფენაში საკუთარი ინტერესების გატარების მცდელობა.

ე.წ. რბილი ძალის ფარგლებში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებზე, რომლის ფარგლებში მიზანმიმართულად მიმდინარეობდა პოლიტიკურ-ეკონომიკურ, ისტორიულ-კულტურულ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით საკუთარ ინტერესებს მორგებული მსოფლმხედველობის გავრცელება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების ფარგლებში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა ვითარების კონტროლი. 2019 წელს აღკვეთილი იქნა „რბილი ძალის“ ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება და აქტივობა, სადაც გამოვლინდა პროპაგანდისტული, სეპარატისტული, აკრძალული სიმბოლიკის (მათ შორის, საბჭოთა) გამოყენების ან სხვა სახის დესტრუქციული საქმიანობის მცდელობა", - აღნიშნულია აგარიშში.

სუს-ის თქმით, ცალკეული უცხოელი ბიზნესმენების მხრიდან დაფიქსირდა უცხო ქვეყნის სასარგებლო, შესაძლო უკანონო საქმიანობის განხორციელების მცდელობები. ზოგიერთი მათგანის მიმართ გატარდა შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის სასაზღვრო კონტროლის მექანიზმები.

"უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები ასევე იყენებენ საზოგადოების იმ ჯგუფებს, რომლებიც რადიკალური შეხედულებებით გამოირჩევიან და სხვადასხვა იდეოლოგიის, მათ შორის, ე.წ. ტრადიციული ღირებულებების პროპაგანდით ცდილობენ მოსახლეობაში მხარდაჭერის მოპოვებას. ბოლო პერიოდში აღნიშნული ძალები გამოიყენებოდა ანტიდასავლური შეხედულებების ფორმირებისა და ქვეყნის საგარეო კურსზე ზემოქმედების მოსახდენად.

სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებდა ვითარების მონიტორინგს, კონტროლზე იყო აყვანილი ის პირები და პირთა ჯგუფები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე მსგავს აქტივობებს უწევდნენ ორგანიზებას.