მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სუს-ი: ლუგარის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები დეზინფორმაციის კლასიკური მაგალითია

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა ღამით

"2019 წელს გრძელდებოდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების აქტიურობა, რაც გარკვეული თვალსაზრისით მიზნად ისახავდა შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და საზოგადოებრივ წესრიგში არეულობის შეტანას, ასევე მმართველობის ფორმების, ინსტიტუციური სისტემების ფუნქციონირებისა და მათი შესაძლებლობების განვითარების შეფერხებას", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც უწყებაში ამბობენ, ადგილი ჰქონდა მცდელობებს, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო წარმოეჩინათ არასტაბილურ, არასანდო პარტნიორად, ხოლო აღნიშნული გამოეყენებინათ საკუთარი გავლენის გასაფართოებლად და ქვეყნის განვითარების შესაფერხებლად.

"საქართველო, მისი ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, მუდმივად დგას შუღლის გაღვივების და სეპარატისტული გამოვლინებების საფრთხის წინაშე. ამ მხრივ, საქართველოს ცალკეული რეგიონების მიმართ ინტერესს იჩენდნენ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები.

ამავე დროს, 2019 წელს ქვეყანაში გამოიკვეთა ულტრამემარჯვენე განწყობების მქონე ჯგუფებისგან მომდინარე რისკები. მსგავსი განწყობები ასევე კავშირში იყო მსოფლიოში მიმდინარე კრიზისების შედეგად მზარდ საერთაშორისო მიგრაციულ პროცესებთან.

სამსახურის მიერ, მისი პრევენციული ფუნქციების ფარგლებში, მიმდინარეობდა ცალკეული პროცესების კონტროლი და მასში მონაწილე პირების გამოვლენა. სისტემატურად ხდებოდა უსაფრთხოების საკითხებზე შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გაზიარება. უწყების შესაბამისი დანაყოფები აქტიურად თანამშრომლობდნენ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებთან", - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

სუს-ის ინფორმაციით, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ე.წ. ჰიბრიდული საფრთხეები.

"საქართველოში გავლენის მოპოვებით დაინტერესებული ქვეყნები საკუთარი მიზნების მისაღწევად, კერძოდ, "ჰიბრიდული ომის" ინსტრუმენტების უფრო ეფექტურად გამოყენებისთვის, განაგრძობდნენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების შესწავლას.

საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული "ჰიბრიდული ომის" ფარგლებში იკვეთება ხუთი ძირითადი ინსტრუმენტი:

საოკუპაციო ძალები და დე ფაქტო რეჟიმები (სხვა ინსტრუმენტებთან ერთად აღნიშნული ინსტრუმენტით მოქმედებს მხოლოდ რუსეთის ფედერაცია)

ე.წ. საინფორმაციო ომი

ე.წ. რბილი ძალა

ეკონომიკური ბერკეტები

ფარული ოპერაციები

რუსეთისთვის „ჰიბრიდული ომის“ ძლიერ ინსტრუმენტს წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული შეიარაღებული ძალები და სპეცსამსახურები, ასევე ადგილზე მოქმედი დე ფაქტო რეჟიმები. აღნიშნული ძალები საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებენ მათ შორის ისეთ მეთოდებს, როგორიცაა უკანონო სამხედრო წვრთნები, მოქალაქეთა უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაცია.

აღნიშნულის შედეგად, უსაფრთხოების გარემოს გარდა, მნიშვნელოვნად ზიანდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იმიჯი და ავტორიტეტი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამასთანავე, რუსეთი მიმართავს ისტორიული ფაქტების გაყალბების მცდელობებს, რისთვისაც აქტიურად იყენებს დე ფაქტო რეჟიმების წარმომადგენლებს", - ნათქვამია ანგარიშში.

სუს-ის განცხადებით, 2019 წელს, ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემების გარშემო უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ გამოყენებული იყო ე.წ. საინფორმაციო ომის ინსტრუმენტი, რომელიც უმთავრესად დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიების საშუალებით ხორციელდებოდა.

"საქართველოში პროპაგანდისტული კამპანიის ზოგადი მიზანი იყო დემოკრატიული ღირებულებების დაკნინება, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის და დასავლეთის კრიტიკა, ხოლო აღნიშნულის საპირწონედ - ცალკეული ქვეყნებისთვის მისაღები მსოფლმხედველობის გავრცელება.

დეზინფორმაციული კამპანია ძირითადად მიზნად ისახავდა მოსახლეობის პოლარიზაციას, მცდარი შეხედულებების, ასევე შიშის გავრცელებას და საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებით მნიშვნელოვან პროცესებზე გავლენის მოხდენას.

აღნიშნული კამპანიების წარმოება ყალბი ახალი ამბების, ფაქტების დამახინჯების, ისტორიის გაყალბებისა და მითების შექმნის გზით მიმდინარეობდა. პროცესში სულ უფრო აქტიურად იყო გამოყენებული სოციალური მედია, სხვადასხვა ინტერნეტ-ბლოგი და პლატფორმა, რომლის მომხმარებელს, უმეტესწილად, ახალგაზრდობა წარმოადგენს. ამავე დროს, კონკრეტული თემის ირგვლივ დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიები ძირითადად ერთდროულად მიმდინარეობდა.

საქართველოს მოსახლეობისადმი გამიზნული დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული გზავნილების შინაარსი, ასევე მისი გავრცელების ფორმები და მეთოდები ძირითადად საერთო იყო ყველა სოციალური წრისა და ეთნიკური ჯგუფისთვის. თუმცა, რიგ შემთხვევებში, ხდებოდა წინასწარ შერჩეული ჯგუფებისთვის კონკრეტული საკითხების მომზადება და მათთვის მიზანმიმართულად, სათანადო ფორმით მიწოდება", - აღნიშნულია ანგარიშში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეზინფორმაციის კლასიკურ მაგალითად განიხილავს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს.

"წარმოადგენს რა ქვეყნის ბიოლოგიური უსაფრთხოების ერთ-ერთ ძირითად შემადგენელს, აღნიშნული კვლევითი ცენტრი წლების განმავლობაში საინფორმაციო თავდასხმების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ცენტრის წინააღმდეგ მიმართულმა კამპანიამ მასშტაბური ხასიათი მიიღო 2019 წლის დასაწყისში, როდესაც ადგილი ჰქონდა ცენტრის საქმიანობასთან ე.წ. ღორის გრიპის (H1N1) სეზონური გავრცელების დაკავშირების მცდელობას.

აღნიშნულ კამპანიას რამდენიმე მიზანი ამოძრავებდა:

საქართველოს მოქალაქეებში პროგრესის, მეცნიერული და ტექნოლოგიური განვითარებისადმი შიშის დათესვა;

საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ მიმართული უარყოფითი განწყობების გაღვივება და ზოგადად, დასავლური სამყაროს "დემონიზება";

საქართველოს ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის ნდობის შემცირება.

კვლევით ცენტრზე მასშტაბური საინფორმაციო თავდასხმები, ისევე, როგორც ვაქცინაციისა და ჯანდაცვის სხვა ეროვნული პროგრამების წინააღმდეგ წარმოებული პროპაგანდა, სხვადასხვა გამოწვევის გარდა, პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და მის უსაფრთხოებას.

საანგარიშო პერიოდში, გრძელდებოდა მუშაობა „ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში დაფინანსებული, მართული თუ სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერილი ორგანიზაციების, პირების და ჯგუფების გამოვლენისა და მათგან მომდინარე საფრთხეების შემცირება-განეიტრალების მიზნით. დგინდებოდა სხვადასხვა აქტორებს შორის ურთიერთკავშირები, მათი მოქმედების არეალი და მათ წინაშე დასახული ამოცანები", - ნათქვამია ანგარიშში.