მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაქარეიშვილი: ხელისუფლებამ ოკუპირებული რეგიონები კონფლიქტის მხარეებად უნდა აღიაროს

კონფლიქტების სპეციალისტი

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებამ აფხაზებსა და ოსებთან დიალოგის „სტატუსნეიტრალური პლატფორმების“ მოძიებაზე უნდა იზრუნოს, რადგან იქ მთელი თაობის დაკარგვის საფრთხე რეალურად დგას.

როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან პაატა ზაქარეიშვილმა განმარტა, ოკუპირებულ რეგიონებთან დიალოგის დაწყებისკენ ხელისუფლებას ქვეყნის შიგნითაც არაერთხელ მოუწოდეს, თუმცა უშედეგოდ.

„სამწუხაროა, რომ ელჩები მოუწოდებენ ხელისუფლებას თუ რა უნდა გააკეთონ, რადგან მთავრობას ჩამოყალიბებული არ აქვს გეგმა, როგორ გაუმკლავდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებს. დიდი ხანია მეც და ძალიან ბევრი ადამიანი მოვუწოდებთ მთავრობას ნუ უშვებენ ხელიდან შანსს, დაელაპარაკონ აფხაზებსა და ოსებს. განსაკუთრებით კი აფხაზებს, რადგან ისინი დიალოგისთვის მზად არიან“, - აღნიშნა კონფლიქტოლოგმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ოკუპირებულ რეგიონებთან სასაუბრო ნამდვილად ბევრი აქვს.

„არის ბევრი საკითხი, რომელზე სასაუბროდაც აფხაზური მხარე მზაობას გამოხატავს. აგრეთვე ჩვენც გვაქვს ჩვენი ინტერესები, ასე რომ სალაპარაკო ძალიან ბევრია, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, პირდაპირი დიალოგი კიდევ სხვა თემებს გამოკვეთს. განსახილველია მაგალითად ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების დადება, განათლების საკითხები, საკუთრებისა და გადაადგილების უფლებები, დევნილების დაბრუნება-არ დაბრუნების თემა, გალის შეხვედრების აღდგენის თემა და ა.შ. “, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

კონფლიქტოლოგის აზრით, ხელისუფლება არაკომპეტენტურობას ავლენს, როცა კონფლიქტში აფხაზ და ოს ძალებს მხარედ არ განიხილავს.

„პოზიცია, რომ ხელისუფლებას არ სურს აღიაროს აფხაზები და ოსები მხარეებად, არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს. მსოფლიოში ყველა კონფლიქტს ჰყავს თავისი მხარეები, თუნდაც სერბეთი ელაპარაკება კოსოვოს, არ არსებობს კონფლიქტი, რომელშიც მხარეები ერთმანეთს არ უნდა ესაუბრონ. ეს არის ზღაპარი, სისულელე. ამ აზრს არავითარი საერთო არ აქვს კონფლიქტების სპეციფიკასთან. მთავრობამ ოკუპირებული რეგიონები უნდა აღიაროს მხარეებად და დაიწყოს მათთან საუბარი. შევარდნაძისა და ჟვანიას ხელისუფლება ხშირად აწერდა მათთან ხელს სხვადასხვა შეთანხმებას, მაგრამ ამის გამო აფხაზეთი და ცხინვალი სახელმწიფოებად არავის გამოუცხადებია“, - განმარტა კონფლიქტების სპეციალისტმა.

პაატა ზაქარეიშვილი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ რუსეთს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტებისგან დისტანცირება სურს, თუმცა იმ მიზეზით, რომ მას კომფორტული ვითარება არ შეექმნას, აფხაზებთან და ოსებთან დიალოგზე უარის თქმა შეცდომაა.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, 12 აგვისტოს ყოველწლიურ კონფერენციაზე „საქართველო და მეზობლები“ აფხაზებსა და ოსებთან დიალოგისთვის ჟენევის ფორმატის ალტერნატიული პლატფორმის მოძიების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ საქართველოს ამ მხრივ მეტი ყურადღება მართებს.