მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირის ელჩი: საქართველო საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვყოფილიყავი ამ რთულ დროს

ევროკავშირის ელჩის კომენტარი
1585200226
COVID-19

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს ძალისხმევას ეფექტურად აფასებს და სპეციალურ ვიდეომიმართვაში საზოგადოებას ერთმანეთის გაფრთხილებისკენ მოუწოდებს.

"მე ახლა სახლიდან გესაუბრებით. დღეს უპრეცედენტო პერიოდია, როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ სამყარო თავდაყირა დააყენა. ამ გამოწვევაზე მარტივი პასუხები არ არსებობს. ჩვენ, ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა ეს ალბათ სხვებზე უკეთ ვიცით იტალიიდან და ესპანეთიდან მიღებული მონაცემები ამის დასტურია. ამ კონტექსტში მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობას და საქართველოს პოლიტიკოსებს სწორი გზისა და მიდგომის არჩევა, რაც ადრეულ და აქტიურ მოქმედებაში გამოიხატა. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას, რომელიც მხარს უჭერს მთავრობის ასეთ გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ მოვალეობებს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

აღფრთოვანება მინდა გამოვხატო სამედიცინო სფეროს მუშაკების, ექიმების, ექთნების, სამართალდამცველების, მესაზღვრეებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ამ დღეებში დაუღალავად შრომობს მოქალაქეთა უსაფრთხოებისათვის. მიმაჩნია, რომ საქართველო საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვყოფილიყავი ამ რთულ დროს. თავს გაუფრთხილდით და გააგრძელეთ ერთიანი ძალისხმევა", – აცხადებს კარლ ჰარცელი ვიდეომიმართვაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

საქართელოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი ვირუსის 75 შემთხვევაა გამოვლენილი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი 11 მარტს გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.