მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: ინფიცირების 15 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან კორონავირუსის სტატისტიკაზე საუბრობს
1597475542
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კოვიდინფიცირების 15 ახალი შემთხვევიდან მხოლოდ ერთი პირის წყაროა უცნობი.

ექიმი აცხადებს, რომ ამ ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით წყაროს მოძიების თვალსაზრისით ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

„დაგვემატა 15 ახალი დადასტურებული შემთხვევა და 15 აგვისტოს მონაცემებით გახლავთ 1321. 15 ახალი შემთხვევის კონფიგურაცია ასეთია. 9 დადასტურებული შემთხვევა უკავშირდება მოგზაურობას ეპიდაფეთქების ზონაში, 4 შემთხვევა დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 1 შემოტანილი შემთხვევაა და სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. კიდევ 1 შემთხვევასთან დაკავშირებით ეპიდკვლევა გრძელდება კონტაქტებისა და წყაროს მოძიების თვალსაზრისით“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, კოვიდცენტრებში მყოფ პაციენტებს, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ მათთან დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა.

„გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 3-ით გაიზარდა და გახლავთ 1088. კოვიდცენტრებში მყოფი პაციენტების განაწილება სიმძიმის მიხედვით ასეთი გახლავთ: კრიტიკული პაციენტების რაოდენობა 6-ს შეადგენს, ხოლო მძიმე პაციენტევის რაოდენობა 19-ს, საბედნიეროდ ამ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია იმ თვალსაზრისით, რომ მათთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება და მომავალი პროგნოზიც კეთილსაიმედო უნდა იყოს“, - დასძინა ეზუგბაიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ქვეყანაში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 15 აგვისტოს მდგომარეობით 1321-ს შეადგენს.