მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: მეორე ტალღა დამღუპველი არ იქნება, თუ რეგულაციებს შევინარჩუნებთ

მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან, 16 ივნისი 2020 წ.
1594108229
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით მსოფლიოში კორონავირუსის მეორე ტალღა იწყება - არის ნიშნები, რომ ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება განახლდა, ქვეყნების ნაწილში კი, სიტუაცია გამძაფრდა.

მისი თქმით, საქართველოსთვის მეორე ტალღა დამღუპველი არ იქნება, თუ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ.

„თუ ჩვენ კოვიდთან თანაცხოვრებას ამ რეჟიმში გავაგრძელებთ, არსებულ რეგულაციებს შევინარჩუნებთ, მეორე ტალღა საქართველოსთვის დამღუპველი არ იქნება. როგორც პირველ ტალღას გავუმკლავდით, ისე გავუმკლავდებით მეორე ტალღას. ეს ყველაფერი დამოკიდებულია თქვენზე, ჩვენზე და სახელმწიფოზე. როგორც ვხედავ სამივე ვექტორი კარგად იქცევა. სახელმწიფო განსაკუთრებით უვლის ამ სიტუაციას, სამედიცინო სექტორი თავგანწირვით იბრძვის და მოსახლეობაც თუ გააგრძელებს რეგულაციების შესრულებას, ალბათ საგანგაშო მდგომარეობა არ გვექნება“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კითხვაზე, მეზობელ ქვეყნებში არსებული ეპიდვითარება რამდენად შეიძლება აისახოს ჩვენს ქვეყანაზე, მარინა ეზუგბაია პასუხობს:

„ჩვენ როგორ მოვიქცევით იმაზეა დამოკიდებული. მეზობელ ქვეყნებში მეორე ტალღის დაწყება და მისი გამძაფრება, რა თქმა უნდა, შეიძლება აისახოს ჩვენზე, აქედან გამომდინარე, ქვეყანაში ეს პრობლემა რომ არ დადგეს, მნიშვნელოვანია რეგულაციები. სახელმწიფომ სწორი ნაბიჯებით შეძლო, რომ ქვეყანაში კოვიდინფიცირების სიტუაცია ასეთი ზომიერი ყოფილიყო. ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს. ეს უნდა შევინარჩუნოთ“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 958 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 838 გამოჯანმრთელდა, 15 გარდაიცვალა.