მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისის საველე-სამედიცინო პუნქტებში მონიტორინგი ჩატარდა

პოლიცია გამშვებ პუნქტზე
1585992854
COVID-19

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, ქუთაისში თავდაცვის ძალების მიერ მოწყობილ საგუშაგოებთან საველე სამედიცინო პუნქტების მონიტორინგი განხორციელდა.

4 აპრილს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს წარმომადგენლებმა და დასავლეთის სარდლობის მთავარმა სამხედრო ექიმმა საველე სამედიცინო პუნქტები შეამოწმეს. ისინი ადგილზე დააკვირდნენ, თუ რამდენად დაცულია სამედიცინო უსაფრთხოების ნორმები საველე პუნქტებში და როგორ მიმდინარეობს სამხედრო ექიმების მიერ მოსახლეობის თერმოსკრინინგი.

იმერეთის რეგიონში თავდაცვის ძალების მიერ 9 საკონტროლო-გამშვები პუნქტია მოწყობილი. თითოეულ საგუშაგოზე 3-კაციანი სამედიცინო ჯგუფია მობილიზებული, რომელიც სპეციალური ტანსაცმლითა და სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი. სამხედრო ექიმები საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე შემსვლელ და გამსვლელ ყველა პირს პირველად სამედიცინო შემოწმებას, მათ შორის თერმოსკრინინგს უტარებენ და საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში მოქალაქე საველე სამედიცინო პუნქტში მოწყობილ იზოლაციის ზონაში გადაჰყავთ. პუნქტში ექიმი ხელმეორედ სინჯავს მოქალაქეს, სიმპტომების შესახებ ინფორმაციას ამუშავებს, ეძიება მის კონტაქტებს და მაღალი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში ინფორმაციას დასავლეთ სარდლობის მართვის ცენტრსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს აწვდის.

სამხედრო ექიმები სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში 24-საათიან რეჟიმში, როტაციის წესით, ახორციელებენ. დასავლეთ საქართველოში თავდაცვის ძალების მიერ მოწყობილ თექვსმეტივე ძირითად საგუშაგოსთან არსებულ საველე სამედიცინო პუნქტთან მობილიზებულია ე.წ. ამბულანსიც, რომელიც როგორც სამოქალაქო პირების, ისე სამხედროების გადაუდებელი დახმარებისთვის გამოიყენება.