მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მედიცინა მალე ჩიხში შევა, მოსახლეობა მედპერსონალის გარეშე დარჩება“ - ლევან რატიანი

ექიმი ლევან რატიანი
1634802878
COVID-19

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, რეანიმატოლოგმა ლევან რატიანმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში გაუარესებულ ეპიდვითარებაზე, ვაქცინაციასა და პოპულაციურ იმუნიტეტზე ისაუბრა.

მისი თქმით, უამრავი სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ მასობრივი​ ვაქცინაციით არის შესაძლებელი.

ამასთან, ლევან რატიანი ამბობს, რომ თუ ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება, უახლოეს პერიოდში არცერთი თავისუფალი საწოლი აღარ იქნება.

„ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ჩვენი ქვეყნის პოპულაციისთვის ძალიან მაღალია. თუ ამ ტემპით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა, საწოლფონდის პრობლემა შეიქმნება და უახლოეს პერიოდში არცერთი საწოლი თავისუფალი არ იქნება.

ჩვენს კლინიკას ბოლო 12 დღის განმავლობაში არცერთი თავისუფალი ადგილი არ აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე ეს არის ცუდი ინდიკატორი. ეს არის მეხუთე ტალღის დასაწყისი. ასეთი მაღალი ციფრებით არცერთი ტალღა არ დაწყებულა. თუ ეს ტალღის დასაწყისია, როგორც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, წარმოიდგინეთ რა იქნება პიკის ფაზაში?!

მეორე მომენტია, იწყება სეზონური ზედა სასუნთქი გზების ინფექციის გავრცელება, ტვინდემია ახალი ტერმინი არ არის, ის მანამდეც არსებობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი ინფექციის გავრცელება შეიძლება მოხდეს პოპულაციაში. ორივე ერთად ავადობის რაოდენობას ძალიან გაზრდის.

შესაძლებელია, ორივე ვირუსით დაინფიცირდეს ადამიანი. ან შეიძლება იყოს ერთი, როდესაც არის სეზონური გრიპი, ამ დროს იმუნური სისტემა იწყებს დაქვეითებას ამ ვირუსთან ბრძოლაში და მას, თუ ამის შემდგომ დაემატა ახალი კორონავირუსით ინფიცირება, ის უფრო დაამძიმებს ადამიანების მდგომარეობას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ვაქცინის გაკეთება. ფაქტი ჯიუტია, რომ მასობრივი ვაქცინაცია უამრავი სიცოცხლის გადარჩენის მომტანია“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ასევე, პოპულაციურ იმუნიტეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემია რეგრესს მაშინ განიცდის, როდესაც ქვეყანაში იარსებებს პოპულაციური იმუნიტეტი.

„პანდემია რეგრესს განიცდის მაშინ, როდესაც არსებობს პოპულაციური იმუნიტეტი. პოპულაციის იმუნიტეტს წარმოქმნის 2 ფაქტორი - ეს არის ვაქცინირებულები და ინფიცირებულები. თუ ამათი ჯამი შეადგენს 80%, ამის შემდეგ სწორედ ინფექციის გავრცელების ჯაჭვის წყვეტის ალბათობა იზრდება. იმისთვის, რომ დაავადებამ განიცადოს უკუგანვითარება, მოსახლეობის 60-80% უნდა იყოს სრულად ვაქცინირებული. ვაქცინაციის პრობლემა ქვეყანაში გამოიწვია რამდენიმე ფაქტორმა. პირველი, არის ის, რომ ადამიანები არ არიან ინფორმირებული თუ რა არის ვაქცინების ბიოლოგიური შინაარსი. ვაქცინაცია უნდა იყოს გლობალური და არა წერტილოვანი. თუ ვაქცინაცია არის გლობალური მაშინ ის ეფექტურია.

თუ ჩვენ არ დავიცვათ არსებულ რეგულაციებს, მედიცინა ჩვენი ქვეყნის ძალიან მალე ჩიხში შევა. დადგება მომენტი, როდესაც საავადმყოფოში მომუშავე პერსონალი გამოიფიტება და სამწუხაროდ მოსალოდნელია, რომ მოსახლეობა დარჩეს მედპერსონალის გარეშე“, - აღნიშნავს თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „მდგომარეობა არის კატასტროფული - შეიძლება საველე ჰოსპიტალიც დაგვჭირდეს“ - დევი ტაბიძე

👉 „კოვიდპასპორტები სწრაფად უნდა შემოვიღოთ, სხვა ალტერნატივა არ დაგვრჩა“ - ბიძინა კულუმბეგოვი

👉 „გვინდა თუ არა, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მოგვიწევს“ - ამირან გამყრელიძე

👉 „გრიპის იმუნიტეტი განახლებადია და წელს ძლიერად იქნება გამოკვეთილი“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 „ადამიანები საშინელი სიკვდილით იხოცებიან“ - დევი ტაბიძე