მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავა: სამედიცინო ჟანგბადის გაზრდილი მოთხოვნის 90 %-ს უკვე ადგილობრივი წარმოების ჟანგბადი ფარავს

ეკონომიკის მინისტრი
1606737664
COVID-19

„პანდემიით გამოწვეული ჟანგბადის გაზრდილი მოთხოვნიდან - 80-ზე მეტი ტონიდან დღეში პრაქტიკულად 90 პროცენტი, უკვე ადგილობრივი წარმოების ჟანგბადით იფარება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, პერიოდულად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ერთვება იქ, სადაც ამის საჭიროება და პრობლემის ადგილობრივი წარმოებით გადაწყვეტის შესაძლებლობაა.

„პანდემიის პირველ ეტაპზე ჩვენ დავიწყეთ პირბადეების წარმოება. იმ ფონზე, როდესაც მთელ მსოფლიოში პირბადეების მწვავე დეფიციტი იყო, ჩვენ დავეხმარეთ საწარმოებს, აეწყოთ ადგილობრივი წარმოება და მოსახლეობას პირბადეების დეფიციტი ავარიდეთ. ასევე, ბიზნესი სწრაფად გადაეწყო და დაიწყო სადეზინფექციო ხსნარების, სამედიცინო კომბინიზონებისა თუ სამედიცინო სექტორისთვის საჭირო სხვა სახარჯი მასალების წარმოება. ახლა უკვე ვახდენთ ადგილობრივად წარმოებული ჟანგბადით სამედიცინო სექტორის მომარაგებას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ჟანგბადით მომარაგების საკითხი სრულად გადაწყვეტილია - ორი დანადგარი უკვე დამონტაჟდა რუხის კლინიკაში, სადაც ეს პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია, დეკემბერში კი საქართველოში დამატებით 6 დანადგარი შემოვა.

ინფორმაციისთვის, ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის დახმარების მიზნით, საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმადობის გაზრდის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ჟანგბადის მწარმოებელი 10 გენერატორი შეიძინა, რომელიც ჯამურად შეძლებს დღიურად 9.3 ტ. ჟანგბადის შესაბამისი მოცულობის სამედიცინო ჟანგბადის წარმოებას.