მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ორსულობა და კორონავირუსი-მეან-გინეკოლოგის რჩევები

ორსულის ფოტო
1585307886
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ახალი კორონავირუსი პანდემიად აქვს გამოცხადებული. მსოფლიოში, ორსულებში კორონავირუსის 19 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, ერთი საქართველოში.

მიეკუთვნებიან თუ არა ორსულები რისკ ჯგუფებს და როგორ მიმდინარეობს მათ შემთხვევაში ინფექცია, ამ საკითხზე PIA.GE თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მეან-გინეკოლოგს პაატა ჟორჟოლიანს ესაუბრა.

"ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით კვალიფიციური დასკვნა ჯერ არ დადებულა, ვინაიდან ეს ახალია და მიმდინარეობს გარკვეული კვლევები.

ზოგადად რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ორსულების იმუნური სისტემა დაქვეითებულია ისედაც ფიზიოლოგიურად, გარკვეულწილად თითქოს მიმღებლობა უნდა იყოს, მაგრამ იმ მონაცემებით, რაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა უკვე გაიარეს, თუნდაც ავიღოთ ჩინეთი, იტალია, არ ფიქსირდება ორსულებში ძალიან დიდი მიმღებლობა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე ვირუსის მიმღებლობა ორსულებში ნაკლებად ფიქსირდება, თუმცა ცალმხრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორსულები, რა თქმა უნდა, ინფექციასთან დაკავშირებით მაღალ რისკს მიეკუთვნებიან, მაგრამ ახალი მონაცემებით ჯერ ეს არ ფიქსირდება", - აცხადებს პაატა ჟორჟოლიანი.

რა გავლენას ახდენს ახალი კორონავირუსი ნაყოფზე? ამასთან დაკავშირებით პაატა ჟორჟოლიანი ამბობს, 19 შემთხვევა ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ ამაზე დასკვნა გაკეთდეს.

"სხვა კორონავირუსები "სარსი", "მერსი" - ადრე ეს ინფექციები იყო გავრცელებული. იყო ნაადრევი მშობიარობის შემთხვევები, ნაყოფის სიკვდილის შემთხვევები, მაგრამ ვერავინ ადასტურებს იმას, რომ ეს იყო ნამდვილად ვირუსის მიერ გამოწვეული, თუ ორსულობის სხვა პათოლოგიებიდან. ალბათ, როდესაც ეს ვირუსი გადაივლის, კვლევები იქნება და ჩვენ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება", - აცხადებს მეან-გინეკოლოგი პაატა ჟორჟოლიანი.

მისი თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაცია ყველასთვის ერთია - ხალხმრავალ ადგილებში შეკრებას ყველა უნდა მოერიდოს. ორსულებმა კონსულტაცია შეიძლება ონლაინ რეჟიმში გაიარონ ან გადადონ ვიზიტი. საჭიროებს თუ არა ორსული დიაგნოსტიკურ ცენტრში მისვლას, ეს მეან-გინეკოლოგმა უნდა გადაწყვიტოს.

"მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაცია ყველასთვის ერთია, რომ ხალხმრავალ ადგილებში შეკრებები- ეს იქნება დიაგნოსტიკურ ცენტრებში თუ მაღაზიაში, ყველამ უნდა მოარიდოს თავი, მათ შორის, ორსულმაც. მაგრამ, იმ რეკომენდაციებით, რომელსაც კომპეტენტური ორგანოები გვაწვდიან, როგორიცაა ინგლისის სამეანო სამეფო კოლეჯი, ასევე ამერიკის სამეანო კოლეჯი, იქ პირდაპირ ცალსახად არის ნათქვამი, რომ თუ დიდ აუცილებლობას არ წარმოადგენს, შეგვიძლია დანიშნული ვიზიტი გადავდოთ 2 კვირით, თუ ძლიერი აუცილებლობა არ არის, შეიძლება ონლაინ რეჟიმშიც განხორციელდეს ვიზიტი ექიმთან. რა თქმა უნდა, მკურნალი ექიმის, მეან-გინეკოლოგის გადასაწყვეტია, საჭიროებს თუ არა ორსული აუცილებელ ვიზიტს.

ჩვენ არ ვიცით რამდენხანს გაგრძელდება ვირუსის პანდემია. ვთქვათ, რომ ორსულები ამის გამო აღარ მივიდნენ თავიანთ ექიმებთან, ესეც კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაში აღმოგვაჩენს, რადგან შეიძლება ვირუსის გარდა სხვა სამეანო პათოლოგიებიც იყოს. ამიტომ, ამას ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. ის, რომ საერთოდ ორსული არ მივიდეს დიაგნოსტიკურ ცენტრში, ან ქალთა კონსულტაციის ცენტრში, ვფიქრობ, კატეგორიულად დაუშვებელია", - განაცხადა პაატა ჟორჟოლიანმა.

ამ ეტაპზე საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19 -ით ინფიცირებული 22 კვირის ორსული მკურნალობს. პაატა ჟორჟოლიანის თქმით, ჩატარებული კვლევების საფუძველზე პნევმონია გამოხატული არ არის, თუმცა არის ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი კლინიკური ჩივილები.

"შემოვიდა ტემპერატურით, მაგრამ მკურნალობის ფონზე დღეს ტემპერატურა არ არის. ორსულობა პროგრესირებს. მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის. ნაყოფზე ტარდება მონიტორინგი. ვნახოთ რა იქნება შემდგომში", - აცხადებს პაატა ჟორჟოლიანი.