მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როგორ ვილაპარაკოთ მე-2 ტალღაზე, როცა მსოფლიოში პირველი ტალღა არ დამთავრებულა“ - თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსზე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი
1600453786
COVID-19

ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა თენგიზ ცერცვაძემ დღეს, 18 სექტემბერს საქართველოში არსებულ ეპიდვითარებაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა.

თენგიზ ცერცვაძეს თქმით, საზოგადოების მხრიდან არ ყოფილა დაშვებული ისეთი შეცდომები, რომელიც გავლენას მოახდენდა ეპიდემიის მსვლელობაზე.

„ეს არის პანდემიის განვითარების პროცესში ისეთი ფაქტი, რომელსაც თავიდან ვერც ერთი ქვეყანა ვერ აიცილებდა და ვერც საქართველომ აიცილა“ , - აღნიშნა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა.

მისი თქმით, პანდემიის დაწყებიდან შემუშავდა გარკვეული ღონისძიებების გეგმა, რომლის განხორციელება ჯერ კიდევ პანდემიის ადრეულ პერიოდში დაიწყო.

„დღეისთვის ევროპის 49 ქვეყანას შორის ყველაზე ნაკლები კოვიდინფექციის შემთხვევები საქართველოშია, მიუხედავად ბოლო დღეების მომატებული სტატისტიკისა“,- აღნიშნა მან.

მისი თქმით, ის არ მიეკუთვნება იმ ექსპერტების რიცხვს, რომლებიც თვლიან, რომ ინფექციის მეორე ტალღა ახლა დაიწყო.

„კოვიდ 19-ის პირველ და მე-2 ტალღაზე საუბარი პირობითია, როგორ ვილაპარაკოთ მე-2 ტალღაზე, როცა მსოფლიოში პირველი ტალღა არ დამთავრებულა“, - დასძინა მან.

მისივე განცხადებით, მსოფლიოში კოვიდინფიცირების ახალი რეკორდული მაჩვენებლები ყოველდღიურად ვლინდება და მათ შორის წყვეტა არ დაფიქსირებულა, შესაბამისად მეორე ტალღაზე საუბარი ზედმეტია.

„ვთვლი, რომ პირველი და მე-2 ტალღა პირობითი მცნებებია და ამას მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.