მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებული ქართველი ცოლ-ქმარი სახლის პირობებში მკურნალობს

საფრანგეთში ორქი ქართველი თვითიზოლაციაშია
1585655748
COVID-19

კორონავირუსით ინფიცირებული ქართველი ცოლ-ქმარი, რომლებიც საფრანგეთში ცხოვრობენ, სახლის პირობებში მკურნალობენ.

PIA.GE ერთ-ერთ მათგანს გაესაუბრა. რესპონდენტის თხოვნის გათვალისწინებით, მათ იდენტიფიცირებას არ ვახდენთ.

როგორც ჩვენი რესპონდენტი ჰყვება, მას და მის მეუღლეს კორონავირუსი სავარაუდოდ სამსახურში გადაედოთ. ექიმს COVID-19 -სთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მიმართეს. ტემპერატურა არც ერთს არ აღენიშნებოდა, ჰქონდათ თავის, მუცლის და სახსრების ტკივილი, თუმცა უმნიშვნელოდ გამოხატული, ასევე ჩაწითლებული თვალები, ხველება, რამდენიმე დღის შემდეგ კი, სუნის და გემოს შეგრძნება დაკარგეს. ექიმმა მათ კორონავირუსის დიაგნოზი ტესტის გარეშე დაუსვათ.

რესპონდენტი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე საფრანგეთში კლინიკაში მხოლოდ ისინი გადაჰყავთ და ტესტსაც იმას უკეთებენ, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვს, ან მდგომარეობა მძიმეა.

"ექიმს სხვადასხვა სიმპტომებით მივმართეთ, მან ტესტის გარეშე გვითხრა, რომ კორონავისური გვაქვს. შემდეგ 1-2 სიმპტომი დაგვემატა, რომელიც კორონავირუსისთვის მახასიათებელია. დავკარგეთ სუნის და გემოს შეგრძნება. იშვიათად ყოფილა შემთხვევა, რომ მე ასე შეუძლოდ ვყოფილიყავი.

ტესტს აკეთებენ იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა გართულდება, მაგალითად გაქვს ჰაერის უკმარისობა, ძალიან გახველებს და იხრჩვები, ან რაიმე ქრონიკული დაავადების მატარებელი ხარ. მაშინ უფრო გაქცევენ ყურადღებას.

ჩვენ ოჯახის ექიმთან ვიყავით მისული და გვითხრა, რომ ჯანმრთელ ადამიანებში ვირუსი იოლ ფორმებში მიმდინარეობს. დაგვიწერა ორ კვირიანი შვებულება და ზედ ტესტის გარეშე მიაწერა, რომ კორონავირუსი გვაქვს. მე მე-8 დღეა რაც ასე ვარ, ჩემი ქმარი კი, მე-11 დღეა", - ჰყვება რესპონდენტი.

მათ სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ, თუმცა ისინი თავს კარგად გრძნობენ.

"ბავშვები კარგად არიან. ზოგადად ბავშვები ჩუმი მატარებლები ყოფილან, შეიძლება ბავშვებისგან უფროსს გადაედოს და მათ სიმპტომი საერთოდ არ ჰქონდეთ.

და ბოლოს, მინდა ხალხი დავამშვიდო - ნუ გეშინიათ, ჩვენც ადვილად დავამარცხებთ ამ ვირუსს და თქვენც!", - ამბობს რესპონდენტი სააგენტოსთან საუბრისას.

ბოლო ინფორმაციით, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 44 450 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 7 927 გამოჯანმრთელდა, 5 056-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

საქართველოში კი, ვირუსით ინფიცირების 110 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 21 გამოჯანმრთელებულია.