მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს 20 მოქალაქეა ინფიცირებული

კორონავირუსის ინფექცია, 2020
1585154282
COVID-19

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საზღვარგარეთ საქართველოს 20 მოქალაქეა კორონავირუსით ინფიცირებული.

როგორც PIA.GE-ს უწყებაში განუცხადეს, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობას Covid 19-ის მსუბუქი ფორმა აქვს და ამიტომ, ისინი ძირითადად სახლში გადიან მკურნალობას.

"საქართველოს მისიები საზღვარგარეთ მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან იმ ადამიანებთან, რომლის შესახებაც არსებობს ინფორმაცია ან ვინც მოახდენს იდენტიფიცირებას, რომ იგი დაინფიცირდა კორონავირუსით. ეს სტატისტიკა ბუნებრივია ცვალებადია. ამ ეტაპისთვის არსებული მონაცემებით, 20-მდე საქართველოს მოქალაქის იდენტიფიცირებაა მომხდარი, თუმცა საკონსულოებში ყოველდღიურ რეჟიმში შემოდის ინფორმაცია და შესაბამისად, ეს სტატისტიკა და ციფრები არის ცვალებადი.

საბედნიეროდ, მოქალაქეების უმეტესობას კორონავირუსი აღენიშნება მსუბუქ ფორმებში. ისინი მკურნალობას გადიან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. გვაქვს შემთხვევები, როდესაც ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობები ეხმარებიან მსგავსი პრობლემების მქონე თანამემამულეებს, რომ დაუკავშირდნენ და მიიღონ კვალიფიციური ექიმის კონსულტაციები. გვქონდა ერთი სტაციონალური შემთხვევა იტალიაში და ეს ახალგაზრდა ქალბატონი, როგორ ცნობილია გამოჯანმრთელდა",- აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საკონსულოები ყოველდღიურ კონტაქტზე არიან, დაავადებულ მოქალაქეებთან, მათ ოჯახის წევრებთან და სამედიცინო პერსონალთან.

"იმისათვის რომ უზრუნველყოთ ჩვენი მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირება, როგორც ვირუსის პრევენციის, ასევე მისი მკურნალობის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით და ვიცით რა, რომ ევროპის სახელმწიფოებში ვირუსის გავრცელების მაღალი დინამიკის გამო, ჯანდაცვის სისტემები ვერ აუდიან ყველა ადამიანის და ყველა მოქალაქის სათანადო მომსახურებას, ამიტომ პრემიერ-მინისტრთან არსებულმა საკორდინაციო საბჭომ მიიღო გაფაწყვეტილება, რომ საგარეო საქმეთა სამინიატროს, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს განეხორციელებინა ერთიანი პროექტი, რომლის ფარგლებში, იმ ქვეყნებში, სადაც კომპაქტურად არიან ჩასახლებული საქართველოს მოქალაქეები, ხდება მათი ონლაინ კონსულტაციები კვალიფიციური სპეციალისტის მხრიდან. თბილისიდან ასეთი კონსულტაციები უკვე გაიმართა 3 ქვეყანაში (იტალია, ესპანეთი, გერმანია) და დღეს იქნება საბერძნეთში მცხოვრები ქართველებისთვის ვიდეოკონსულტაცია",- აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვი 422, 966-ს შეადგენს, კორონავირუსით გარდაცვლილია 18 906 ადამიანი, მათ შორის არის საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც ვირუსით ესპანეთში დაიღუპნენ. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი, 109 143 შეადგენს.

რაც შეეხება საქართველოში არსებულ ვითარებას, 25 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 73 პირია ინფიცირებული, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.