მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თეა წულუკიანი: ციხეები მაქსიმალურად კარჩაკეტილი უნდა გახდეს, ვმუშაობთ გეგმაზე

ვიცეპრემიერი თეა წულუკიანი
1585302045
COVID-19

"ჩვენი მიზანია, COVID -19-ის აღმოფხვრამდე ციხეები გახდეს მაქსიმალურად კარჩაკეტილი", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, უწყება მუშაობს კონკრეტულ გეგმაზე, რომელიც მომავალი კვირის დასაწყისში გახდება ცნობილი. გეგმის თანახმად, პენიტენციური დაწესებულებები კორონავირუსის აღმოფხვრამდე გახდება კიდევ უფრო ჩაკეტილი, რათა არ მოხდეს გარედან შიგნით ინფექციის იმპორტი.

"პატიმრების გასაგონად ვამბობ, ეს არ გულისხმობს რომ ე.წ. ზონაში მყოფი მსჯავრდებულები მოხვდებიან დახურულ ციხეებში. თუმცა, მათდამი მექნებოდა რჩევა, ვინაიდან დადგა გაზაფხული და ასეულობით ე.წ. ზონაში მყოფი მსჯავრდებული იმყოფება ციხის შიდა ეზოში, მათ უნდა დაიცვან ჯანდაცვის სისტემის მიერ გაცემული რეკომენდაციები, რაც შეეხება ერთმანეთისაგან დისტანციას და სხვადასხვა იმ წესს, რომელიც ციხის პირობებში, ყოველდღიურ რეჟიმში ვრცელდება.

სამაგიეროდ ჩვენი გეგმა, რომელიც მომავალ კვირას გასაჯაროვდება, გულისხმობს იმას, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა თანამშრომელმა იაროს ციხიდან სახლში.

ყველა ოჯახს მინდა მოვუწოდო, ნუ მოინდომებენ ციხეში ისეთი ადამიანების შეგზავნას ამბის გამოსატანად, რომელსაც არანაირი საჭიროება ამ მომენტისთვის არ აქვს. ადვოკატებიც აუცილებელია ციხეებში შედიოდნენ მხოლოდ მაშინ, თუ საქმე ეხება საქმის გასაჩივრებას, სხვა საპროცედურო საჭიროებებს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 81 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 13 გამოჯანმრთელდა.