მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე: საქართველო მინიმალური დანაკარგით გამოვა ამ მდგომარეობიდან

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი
1586271433
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პიკი 2-3 კვირაში იქნება.

მისი თქმით, პიკის დროს ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა დღეში 100-ს არ აღემატება. ჯამური რაოდენობა 1000-დან 2000-ის ფარგლებში იქნება. პიკი 2-3 კვირის მანძილზე შენარჩუნდება, თუმცა ის იქნება მდორე. დაახლოებით თვენახევრის შემდეგ ეპიდემიის გავრცელება შემცირებას დაიწყებს.

"საქართველოში დაფიქსირდა და ხმამაღლა გაცხადდა, რომ დაფიქსირდა მეოთხეული გადაცემის, ანუ კორონავირუსის შიდა გავრცელების ეტაპი. ამის საწყისად ითვლება მარნეულის შემთხვევა.

შიდა გავრცელება დაიწყო თუ არა, მაშინვე მიღებული იქნა მყისიერი ზომები - მარნეულის და ბოლნისის სრული იზოლირება მოხდა. მთელი მოსახლეობა იქნა პრაქტიკულად გამოკვლეული. შემდეგ ეს ღონისძიებები უფრო რბილად, მაგრამ განხორციელდა სამეგრელო-ზემო სვანეთში, შემდეგ მთელ ქვეყანაში.

იმ ქვეყნებში, სადაც COVID-19-ის შიდა გავრცელება დაიწყო, ამას მოჰყვა ეპიდემიის ძალიან სწრაფი ზრდა - ასეულები, ათასეულები, ათეულ ათასეულები. მაგრამ ჩვენთან ჯერ დღეში 20 შემთხვევაზე მეტი არ ყოფილა. ეს შიდა გადაცემის სტადიისთვის, ანუ ინფექციის გავრცელების სტადიისთვის არის ძალიან ცოტა. ჩემი პროგნოზით ამ სიტუაციას ბოლომდე ვერ შევინარჩუნებთ. დღეს თუ ორი ათეულია, შეიძლება იყოს სამი ათეული, ოთხი ათეული, მაგრამ ჩემი მტკიცე პროგნოზია, საქართველოში არ იქნება 100-ზე მეტი შემთხვევა დღეში. ამას დიდი დარწმუნებით ვამბობ.

საქართველოში, ჩემი ვარაუდით შემთხვევათა ჯამური რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-ს, ან იქნება 1000-სა და 2000-ს შორის, მაშინ, როცა ჩვენზე პატარა სახელმწიფოებში ეს არის 20- 30 ათასზე მეტი. ზოგან 100 - 200 ათასზე მეტი. ჩემი პროგნოზით პიკი იქნება 2-3 კვირის შემდეგ, თუმცა ეს არ ეფუძნება მტკიცებულებებს. ეს პიკი არ იქნება აფეთქება, ეს იქნება მდორე პიკი და შენარჩუნდება კიდევ 2-3 კვირის მანძილზე. დაახლოებით თვენახევრის შემდეგ, ჩემი პროგნოზით, ეპიდემია წავა ქვემოთ. საქართველო ამ უმძიმესი გამოწვევიდან, 21-ე საუკუნის და შესაძლოა მე-20 საუკუნის უმძიმესი გამოწვევიდან გამოვა მინიმალური დანაკარგით", - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში უკვე დაბრუნდნენ, 45 გამოჯანმრთელებულია, 3 გარდაცვლილი. ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით იფიცირებული 145 პაციენტი მკურნალობს.