მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში კორონავირუსისგან კიდევ 400-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა

აჭარის მთავრობის მეთაური ბრიფინგზე
1601306596
COVID-19

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ახალი პროტოკოლის მიხედვით, აჭარაში კორონავირუსისგან 400-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა და ისინი კლინიკებსა და საკარანტინო სივრცეებს უახლოეს პერიოდში დატოვებენ.

„არც ერთი პაციენტი, არც ერთი კოვიდინფიცირებული ძირითადი სამედიცინო სერვისის გარეშე არ გვყავს. აჭარაში მთელი რიგი ახალი პროტოკოლები ამოქმედდა. დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება კოვიდ სტატუსთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს გამოჯანმრთელების კრიტერიუმებს და დღეს 400-ზე მეტი გამოჯანმრთელებული გვეყოლება, რომლებიც კოვიდ - სასტუმროებიდან და კლინიკებიდან გაეწერებიან“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის მეთაურმა.

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით ვითარება არის რთული, თუმცა არის აბსოლუტურად მართვადი, რადგან ძირითადი სამედიცინო სერვისის გარეშე არც ერთი პაციენტი არ არის.

„აბსოლუტურად გავმართეთ როგორც ცხელი ხაზი, ასევე რეაგირების მექანიზმები, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ერთეული არსებული ხარვეზები მინიმუმამდე დავიყვანოთ.

მინდა მოსახლეობას მადლობა გადავუხადო, ვინაიდან ბოლო დღეებში ჩვენ განსაკუთრებით ვგრძნობთ მათ გვერდში დგომას. ჩვენ მოგვიწია დროებითი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება, თუმცა მოქალაქეები გაგებით ეკიდებიან და მადლობას ვუხდი მათ. ზუსტად ჩვენს ერთიანობაზე არის დამოკიდებული, თუ რამდენად მალე დავასტაბილურებთ არსებულ მდგომარეობას“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მისივე თქმით, აჭარაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიმდინარეობს ინტენსიური მიზნობრივი ტესტირება და გარდა ამისა PCR ტესტირება ხორციელდება ბათუმის ორ პოლიკლინიკაში. PCR ტესტირება ასევე ტარდება ცხელების ცენტრებში, სტაციონარებში, სასაზღვრო პუნქტებზე, კარანტინებში.

რეგიონში მოსახლეობის მხრიდან მომატებული მომართვიანობიდან გამომდინარე, გაძლიერდა ცხელი ხაზი - 144.

ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალი საერთაშორისო პროტოკოლის მიხედვით, ინფიცირებულ პაციენტს გამოჯანმრთელებულის სტატუსი კორონავირუსზე ტესტირების გარეშეც შესაძლებელია მიენიჭოს, თუ მას სიმპტომები აღარ აქვს.