მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წითელი ჯვარი კორონავირუსის წინააღმდეგ შედეგიანი ბრძოლისთვის საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის

წითელი ჯვარი
1586019458
COVID-19

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ჯაგან ჩაპაგაინი საქართველოს მთავრობას კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების გამო მადლობას უხდის.

საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი მიწერილ წერილში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ზომებს დროულს, ეფექტურსა და პროფესიონალურს უწოდებს. ამასთან, თბილისის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლობას მაღალ შეფასებას აძლევს.   

გენერალური მდივანი თავის მიმართვაში ყურადღებას ამახვილებს თბილისის მერიასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც ვირუსით გამოწვეული შედეგების შემსუბუქების მიზნით,  მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად, მოხალისეთა გადამზადებას ითვალისწინებს.

ჯაგან ჩაპაგაინი, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიმართ გამოხატული აქტიური მხარდაჭერის გამო მადლობას უხდის და ვირუსის პრევენციის პროცესში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნას გამოთქვამს.

„კორონავირუსის საპასუხოდ, საქართველოს წითელმა ჯვარმა მობილიზება გაუკეთა და დაატრენინგა 5 000–ზე მეტი მოხალისე, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებას COVID 19–ის შეკავებასა და დაძლევაში დაეხმარებიან. თბილისის მერიასთან რეკრუტირების, სწავლების, ზედამხედველობისა და მოხალისეთა მხარდაჭერის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებაც გაფორმდა. ეს სამუშაო ვრცელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. ეროვნული საზოგადოების მოხალისეები პირველად დახმარებას უწევენ სოციალურად დაუცველ 13 000-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის, ხანდაზმულებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებიც რჩებიან შინ და ინფექციისგან თავს იცავენ. სხვა საქმიანობათა შორისაა, ფართომასშტაბიანი რისკის კომუნიკაცია ყველა საკვანძო პოპულაციასთან მისაღწევად.“ აღნიშნულია წერილში.

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი მზადყოფნას გამოთქვამს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ყველა საჭირო დახმარებით უზრუნველყოს, როგორც პანდემიის დროს, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მისივე შეფასებით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და თბილისის მერიის თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე აღიარებულ იქნა, როგორც პანდემიის პირობებში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობის საუკეთესო მაგალითი.