მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში უმუშევრობა ორნიშნა მაჩვენებელზე ნარჩუნდება

 უმუშევრობა აშშ

შეერთებულ შტატებში მაისის მსგავსად უმუშევრობა ივნისშიც შემცირდა, თუმცა ის კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზე ნარჩუნდება. ინფორმაციას აშშ-ის შრომის დეპარტამენტი ავრცელებს.

მიმდინარე წლის აპრილში ტოტალური კრანტინის გამოცხადების შემდეგ აშშ-ში უმუშევრობამ 80 წლიანი რეკორდი მოხსნა და 14.7%-იან მაჩვენებელს მიაღწია. სულ რაღაც 1 თვეში სამუშაო ადგილი 20 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა დაკარგა, ასეთი ტემპით უმუშევრობა „დიდი დეპრესიის“ დროსაც კი არ გაზრდილა.

მაისში ეკონომიკის ნაწილობრივი გახსნის შემდეგ უმუშევრობა 13.3, ივნისში კი 11.1 პროცენტამდე შემცირდა. კლების მიუხედავად ორნიშნა უმუშევრობა ამერიკისთვის კოშმარად რჩება, განსაკუთრებით მაშინ, როცა პანდემიამდე ის 3.5%-მდე იყო შემცირებული.

ორ თვეში უმუშევართა რაოდენობა 3.2 მლნ-ით შემცირდა, დასაქმებულთა რიცხვი კი 4.9 მლნ-ით გაიზარდა. ეს ორი მონაცემი ერთმანეთს ხშირად არ ემთხვევა, რადგან საერთაშორისო განმარტების მიხედვით, ადამიანი რომელიც არ მუშაობს, ყოველთვის უმუშევარი არ არის, თუ ადამიანი არ ეძებს სამსახურს, ის სამუშაო ძალის გარეთ მყოფად მიიჩნევა.

#1 ეკონომიკის მქონე აშშ-ში კოვიდინფიცირების ყველაზე მეტი, 3.15 მლნ შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 134 ათასზე მეტი გარდაიცვალა. ტრამპი მკვეთრი შეზღუდვების წინააღმდეგ გამოდოდა მარტში და ახლაც იმავე აზრისაა. თუკი აშშ-ში სასწავლო პროცესი არ განახლდება, ამერიკის 45-ე პრეზიდენტი სკოლებს დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა. ტრამპი, როგორც ტიპური მემარჯვენე პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ეკონომიკური ვარდნა ქვეყანას უფრო მძიმე შედეგებს მოუტანს ვიდრე თავად კორონავირუსი. ტრამპის ამ მოსაზრებას არ იზიარებენ დემოკრატები. პრეზიდენტს აქტიურად აკრიტიკებს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმღვანელი ენტონი ფაუჩი.