მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბექა ლილუაშვილი: ლარში იპოთეკურ სესხზე საპროცენტო განაკვეთი - 7% ისტორიული მინიმუმია

პრემიერის მრჩეველი

"მთავრობის მიერ დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი, 4%-ის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება დაახლოებით 7% და ეს არის ისტორიული მინიმუმი", - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმ ადამიანებისთვის, ვისაც დაგეგმილი აქვს ბინის ყიდვა, მნიშვნელოვანი შეღავათები იქნება ხელმისაწვდომი.

„ამ ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის, საქართველოს მთავრობა განახორციელებს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას. ეს ნიშნავს იმას, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც განზრახული აქვს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ბინის ყიდვა, მნიშვნელოვანი შეღავათები იქნება ხელმისაწვდომი, თუ ისინი წლის ბოლოს აიღებენ იპოთეკურ სესხებს, უძრავი ქონების შესაძენად. არასოდეს დენომინირებულ ლარში აღებულ სესხებზე მსგავსად დაბალი საპროცენტო განაკვეთი არ ყოფილა“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც 200 000 ლარამდე სესხს გულისხმობს.

„სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 000ლარამდე სესხის აღებას და სესხის სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან, ანუ მოქალაქის მიერ სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში. რატომ 5 წლის განმავლობაში - მიუხედავად იმისა, რომ სესხის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 10 წლიანი ან 15 წლიანი, პირველი 5 წელი არის ის პერიოდი, როდესაც მსესხებელი ყველაზე მეტ საპროცენტო ხარჯს გასწევს და სახელმწიფო ეხმარება მას, რომ ამ საპროცენტო ხარჯი შეუმსუბუქოს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.