მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბლუმბერგის Bmatch პლატფორმა კომპანიებისთვის უკვე ხელმისაწვდომია

საქართბელოს ეროვნული ბანკის შენობა

სავალუტო ბაზრის რეფორმის პირველი ეტაპი 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყება, რაც ბლუმბერგის Bmatch პლატფორმის სრული დატვირთვით ამოქმედებას და კომპანიების ეტაპობრივ ჩართვას გულისხმობს. ამ მიმართულებით მოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრეცელებს.

„კომერციულ ბანკებს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ეძლევათ აღნიშნული სერვისი კლიენტებს მანამდეც შესთავაზონ. საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება იმ ფაქტს, რომ "ბაზისბანკი" პირველი ბანკი იყო, რომელმაც სრულყოფილად გამართა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და განაცხადა Bmatch სერვისის ამოქმედების შესახებ. ბლუმბერგის სისტემაში პირველი კლიენტის განაცხადი უკვე განთავსდა და პირველი გარიგებაც დაიდო, რასაც მთლიანობაში რამდენიმე წუთი დასჭირდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციის მიხედვით, Bmatch პლატფორმაში, რომელიც სატესტო რეჟიმში მიმდინარე წლის მარტიდან მოქმედებს, დღეისათვის ვაჭრობენ ქართული კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და კომპანიები. ასევე, სისტემაში ერთი უცხოური საინვესტიციო ფონდია ჩართული.

ეროვნული ბანკი საინფორმაციო შეხვედრების გამართვას განაგრძობს. ორი შეხვედრა კომპანიებთან უკვე შედგა, ხოლო შემდეგი შეხვედრა 30 სექტემბერს შედგება. კლიენტებთან საინფორმაციო შეხვედრებს კომერციული ბანკებიც მართავენ. მნიშვნელოვანია, რომ ახალი პლატფორმის და წესების შესახებ ინფორმირებულები იყოს ყველა მხარე, განსაკუთრებით კი კლიენტები, რათა მათ მაქსიმალური სარგებელი მიიღონ და სრულად გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რასაც სავალუტო ბაზრის რეფორმა იძლევა.

„სავალუტო ბაზრის რეფორმის ფარგლებში, პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება სავალუტო ბაზარზე საქმიანობის ახალი წესებიც. დოკუმენტები უკვე განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე (წესი 1, წესი 2)“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ახალი წესი და Bmatch პლატფორმა სავალუტო ბაზრის მასშტაბური რეფორმის ნაწილია, რომლის მთავარი მიზანია სავალუტო ბაზარზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი ახალი მიდგომების დანერგვა, უფრო მეტი გამჭვირვალობის მიღწევა, კონკურენციის გაზრდა და მომხარებელთა უფლებების უკეთ დაცვა.