მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეიდან საქართველოს მასშტაბით საწარმოების შემოწმება იწყება

საწარმო ზემო სვანეთში

"დღეიდან ვიწყებთ ძალიან ინტენსიურ შემოწმების პროცესს. შევამოწმებთ, თუ როგორ სრულდება და შესრულდება სამედიცინო სექტორის რეკომენდაციები დასაქმებულთა უსაფრთხოების შესახებ. პირველ რიგში ის საწარმოები შემოწმდება, ვისაც ფუნქციონირების უფლება მიეცათ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა წესი დაცულია",- ამის შეახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ყოველდღიურად 50-მდე საწარმო შემოწმდება. ინსპექცია ასევე განხორციელდება იმ საწარმოებში, რომლებსაც ფუნქციონირება დროებით აქვთ შეჩერებული.

ეკონომიკის მინისტრმა ბიზნესს მობილიზებისა და აქტიური მუშაობისკენ მოუწოდა.

"რამდენიმე დღე თუ კვირა, გამოიყენეთ იმისთვის, რომ ჩვენი ინსპექციის გასავლელად იყოთ მზად. ეს ინვესტიცია არ დაგეკარგებათ და მომავალში საქმიანობის წესად იქცევა",-აღნიშნა ნათია თურნავამ.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ინსპექტირების პროცესის მიზანი ბიზნესის დასჯა არაა, თუმცა, დარღვევების არსებობის შემთხვევაში, ჯარიმასა და საწარმო პროცესის შეჩერებას ითვალისწინებს.