მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკონომიკის მინისტრმა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში სამთავრობო რეგულაციების შესრულების პროცესი გადაამოწმა

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო ადგილებზე კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების შემოწმების პროცესს გაეცნო. აღნიშნული საწარმო ერთ-ერთია, რემელსაც მთავრობამ საქმიანობის გაგრძელების უფლება მისცა.

ქარხანაში შემოწმება ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ერთობლივმა ჯგუფმა განახორციელა. მისი დასრულების შემდეგ, მინისტრმა დადებითად შეაფასა საწარმოს მიერ ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების შესრულების ხარისხი.

„მოხარულები ვართ, რომ საწარმოში დაგვხვდა სანიმუშო წესრიგი ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებისა და წესების დაცვის თვალსაზრისით. საწარმოს ყველა მუშა-მოსამსახურეს აქვს პირბადე და ხელთათმანები. პერსონალს რეგულარულად უტარდება თერმოსკრინინგი. საწარმო უზრუნველყოფილია სადეზინფექციო ხსნარით და სრულდება სხვა რეკომენდაციები, მატ შორის, პერსონალის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ საწარმოს შეუძლია, განაგრძოს საქმიანობა და ჩვენი მხრიდან შენიშვნას არ იმსახურებს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, საწარმოში 1500 ადამიანია დასაქმებული, მათგან 300 დისტანციურად საქმიანობს. მისი თქმით, საწარმოში 1200 ადამიანი 4 ცვლაში აგრძელებს მუშაობას, ხოლო საწარმო, მისი მასშტაბების მიუხედავად, სრულად აკმაყოფილებს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.

ნათია თურნავას განცხადებით სისტემური საწარმოების შემოწმება მომავალშიც გაგრძელდება.

იმ საწარმოებისა და საქმიანობების სია, რომლებსაც მუშაობის გაგრძელების უფლება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მიეცათ მთავრობის სპეციალური დადგენილებით განისაზღვრა.