მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ცუცქირიძე: ნებისმიერი კრიზისი ტოვებს შანსს, პოსტკრიზისული პერიოდიდან ნაკლები დანაკარგებით გამოხვიდე

სების გადაწყვეტილებაზე

„სავსებით სწორია მთავრობის ეკონომიკის სტიმულირების ახალი 2-მილიარდიანი პაკეტი ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად, რაც საკრედიტო-საგარანტიო სქემების გამოყენებას ითვალისწინებს პოსტკრიზისულ პერიოდში. მათ შორის გაჩერებული საწარმოების ამუშავება, თუნდაც აგარის ქარხნის მაგალითზე, რადგან კრიზისმა მნიშვნელოვანწილად შეცვალა როგორც მოთხოვნის, ასევე, მიწოდების სტრუქტურა საერთაშორისო ბაზრებზე, რასაც, თავის მხრივ, ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით, გარკვეული ცვლილებებიც უნდა მოჰყვეს“, - ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ნებისმიერი კრიზისი, მიუხედავად მისი ნეგატიური შედეგებისა, ყოველთვის ტოვებს შანსს პოსტკრიზისული პერიოდიდან ნაკლები დანაკარგებით გამოხვიდე და შენთვის სასიკეთოდაც გამოიყენო.

სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„ნებისმიერი კრიზისი, მიუხედავად მისი ნეატიური შედეგებისა, ყოველთვის ტოვებს შანსს პოსტკრიზისული პერიოდიდან ნაკლები დანაკარგებით გამოხვიდე და შენთვის სასიკეთოდაც გამოიყენო. ჩვენ გვჭირდება მაღალშემოსავლიანი და მაღალტექნოლოგიური დარგების განვითარება, რაც სახელმწიფო პროგრამების გარეშე, უბრალოდ, ვერ გამოვა, და არც არსად გამოსულა მხოლოდ კომერციული კრედიტით, განათლების და სხვა სტრუქტურული რეფორმის გარეშე. ეს დამტკიცდა არა მხოლოდ სამხრეთ კორეაში, იაპონიასა ან გერმანიაში, არამედ, თუ გნებავთ, ჩეხეთში, პოლონეთსა და ხორვატიაში. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტად ინოვაციური ეკონომიკა, რომელიც სხვა ტიპის სტარტაპების მოდელებით ფინანსირდება, ვიდრე მხოლოდ „აწარმოე საქართველოს“ დღევანდელი კომპონენტებია, სადაც მიუხედავად სახელმწიფოს შეხიდებისა საბანკო პროცენტში, მაინც მთლიანად კომერციულ საბანკო დაფინანსებაზეა დაფუძნებული და შესაბამისად, ბანკების მხრიდან დაფინანსების მთავარი ფაქტორი მაინც უზრუნველყოფაზე გადის.

ახალ სამთავრობო სტრატეგიაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სერიოზულად გაუმჯობესებული კრიტერიუმები იქმნება ადგილობრივი წარმოების დასაკრედიტებლად, რაც შიდა მოთხოვნის სტიმულირების, იმპორტ ჩანაცვლების, ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების თვალსაზრისით იქნება მნიშვნელოვანი. მცდარია მოსაზრება, რომ ახლა დასავლური კაპიტალი ჩინეთიდან სრულ რეალოკაციას მოახდენს. ჩვენთან გადმომისამართდება მხოლოდ კიდევ უფრო დაწეული გადასახადებისა და დაბალი ანაზღაურების გამო, რაც არის სრული აბსურდი, რადგან გადასახადებით ჩვენ ისედაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს, ამასთან დაბალანაზღაურებადი სამუშაო ძალა არის დაბალკვალიფიციურიც ამავდროულად. ჩინეთიდან საწარმოო სიმძლავრეების აქ გადმოტანა სულაც არ სჭირდება შედარებით დაბალტექნოლოგიური პროდუქციის გამოშვებას დღესაც, თუ ამის სურვილი გაქვს. სამწუხაროდ, სწორედ ამ ნეოლიბერალური და გამრუდებული პარადიგმის ტირაჟირება ცალკეული ოპოექსპერტების თუ მედიასაშუალებებით კვლავ გრძელდება. რაც მთავარია, ის ავტომატურად მიაბეს ინვესტიციებსაც იმის მაგივრად, რომ შედარებით მაღალტექნოლოგიურ, საინვესტიციო მიმართულებებზე და განათლების ძირეულ რეფორმაზე იყოს აქცენტები გადატანილი, რაც ხელს შეუწყობს ადამიანისეული კაპიტალის განვითარებას და შესაბამისად, ხარისხიანი ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში.

ქვეყანა უნდა ეცადოს, აწარმოოს ის პროდუქცია და მომსახურება რისი რესურსიც აქვს ან გარკვეულ შეფარდებით უპირატესობას ფლობს, გინდა მატერიალური და ადამიანისეული და თუ გნებავთ, ფინანსური თვალსაზრისით (კაპიტალის ბაზრის განვითარება და ა.შ.). მაგალითად, უნდა აწარმოო ლუდი, სამედიცინო პროდუქცია თუ ტექსტილი, რაც სულაც არ ნიშნავს რომ უცხოური არ უნდა შემოიტანო, ან არ მიმართო ფრანჩაიზინგის სტრატეგიას, რაც მხოლოდ „ვენდის“ და „მაკდონალდის“ ქსელები არ არის. იგივე შეგიძლია გააკეთო სასურსათო უზრუნველყოფის მიმართულებით აგროსექტორში, ოღონდ თანამედროვე სასათბურე მეურნეობების, გადამამუშავებელი და შემნახველი სამაცივრე ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციით. სახელმწიფო პროგრამების „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ოღონდ გაფართოებული და სახეშეცვლილი საბანკო დაფინანსების გზით, თუნდაც საკრედიტო საგარანტიო სქემების აქტიური გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში წარმატებით შეგიძლია მოახდინო აგროინდუსტრიის დაკავშირება ტურიზმის სექტორთან, ოღონდ თავად ტურიზმის ინფრასტრუქტურა უნდა შეცვალო და მხოლოდ მონტე-კარლოს გასართობი ე.წ. აზიური დუბლიკატი არ გააკეთო, რეკრეაციული და სოფლის ტურიზმის გაცილებით აქტიური მხარდაჭერით, რაც ბევრ სასარგებლო ინოვაციურ პროდუქტსაც მოიცავს, ვიდრე კაზინოები და სხვა მსგავსი გასართობი კლუბებია და შესაბამისად ზრდის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების რეალურ დამატებულ ღირებულებას.

ჩვენ კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ეს პანდემიაც გადაივლის ავად თუ კარგად, მაგრამ მხოლოდ განათლებაზე და რაც მთავარია, დამატებულ ღირებულებაზე დაფუძნებული ეკონომიკა არის კეთილდღეობისა და თვითკმარობის არა ერთადერთი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი წინაპირობა. ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესება და ადამიანისეული კაპიტალის განვითარება დაგვეხმარება პოსტკრიზისულ პერიოდში შესაძლებლობების აქტიურ გამოყენებასა და სწრაფ გაჯანსაღებაში“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.