მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ივლისში სურსათი 11.5%-ით გაძვირდა

სასურსათო მარაგი

წლიურმა ინფლაციის განაკვეთმა ივლისში ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებელს 1.9-ჯერ გადააჭარბა და 5.7%-ს, საბაზო ინფლაციამ კი 6.1% მიაღწია. იმავე პერიოდში სამომხმარებლო ფასები წინა თვესთან შედარებით 0.5%-ით შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.55 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (32.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (17.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (14.6 პროცენტი), თევზეული (14.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (12.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (9.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5.1 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.0 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.61 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (12.7 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.9 პროცენტი);

ტრანსპორტი: მოცემულ პერიოდში ფასები შემცირდა 9.3 პროცენტით, რის შედეგადაც ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში -1.18 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-11.9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (-7.1 პროცენტი).

ივლისში დაფიქსირებული ინფლაციის განაკვეთი მიმდინარე წელს ყველაზე დაბალია. 2019 წლის მარტიდან მოყოლებული ინფლაციის განაკვეთი ყოველთვის აღემატებოდა ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ 3%-იან მაჩვენებელს.