მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კალაძე: დეველოპერების დახმარების გეგმით მინიმუმ 120 000 სამუშაო ადგილი შენარჩუნდება

თბილისის მერი 2020

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ნაწილით, რომელიც დეველოპერული კომპანიების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, მინიმუმ 120 000 სამუშაო ადგილის შენარჩუნება მოხდება.

"დედაქალაქში ამ ბიზნესში 120 000 ადამიანი არის დასაქმებული და ამ სამუშაო ადგილების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ის გეგმა, რომელიც დეველოპერული კომპანიების დასახმარებლად შეიმუშავა მთავრობამ არის იმისთვის, რომ ადამიანებმა უფრო მარტივად შეძლონ საკუთარი ბინების შეძენა. თუ ეს დარგი გაჩერდება, დაიხურება ის მაღაზიებიც რომლებიც ვაჭრობენ სამშენებლო მასალებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით, ამიტომ აუცილებელია, რომ თავიდან ავიცილოთ სამშენებლო სფეროს კრიზისი",- აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მთავრობის მიერ შედგენილი დახმარების ყველა პაკეტი ეკონომიკის სხვადასხვა დარგის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მისივე განცხადებით, 2008 წლის შემდეგ თბილისში 180 დაუმთავრებელი მშენებლობაა.

დაუმთავრებელ მშენებლობად მიიჩნევა ობიექტი, რომელზეც მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო 2013 წლის პირველ იანვრამდე. ამასთან, აღნიშნული ნებართვის საფუძველზე ნაწარმოებია სამშენებლო სამუშაოები, თუმცა ობიექტი არ არის დასრულებული. დასრულებულად მიიჩნევა ის ობიექტი, რომლის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის და ექსტერიერის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, გარდა მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოებისა.