მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხევი-უბისას მონაკვეთზე პირველი გვირაბი გაიჭრა

ხევი-უბისა

რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტის ფარგლებში, ხევი-უბისას მონაკვეთზე, სოფელ ხევთან, დღეს პირველი, 180-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა, - სამუშაო პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას მონაკვეთზე სულ 12.2 კმ-იანი ცემენტო-ბეტონის 4 -ზოლიანი გზა, 37 ხიდი და 20 გვირაბი აშენდება. პროექტით გათვალისწინებული 20 გვირაბიდან 16-ზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. აქტიურად გრძელდება პროექტით გათვალისწინებული 37 ხიდიდან, 18-ის მშენებლობა.

ამასთანავე, უკვე დაწყებულია საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდის მშენებლობა, რომელსაც 22 ბურჯი ექნება და სიგრძით 1 320 მეტრი იქნება. ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები 11 ბურჯზე მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ქარსელაძემ პრემიერ-მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პროექტის შესახებ და აღნიშნა, რომ რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6 კმ გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი. მშენებლობა ეტაპობრივად 2022 წელს დასრულდება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში დღეს ეს არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელება, გლობალური პანდემიის მიუხედავად, არც ერთი დღით არ შეჩერებულა.

„ეს იყო ჩვენი აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში სისტემური პროექტები არ უნდა გაჩერდეს, მათი მშენებლობა უნდა გაგრძელდეს. ამ გადაწყვეტილებას ჰქონდა ძალზედ სერიოზული დასაბუთება, ყველას კარგად გვესმის, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს ჩვენი ეკონომიკისა და ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის. ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის საქართველოს მონაკვეთი, რომელიც დაახლოებით 388 კილომეტრია. ეს არის მონაკვეთი, რომელიც საქართველოს გავლით ევროპას აერთებს ჩინეთთან და ამ გზის დროულად დამთავრებას აქვს უდიდესი, სააერთაშორისო მნიშვნელობა, რადგან ეს გზა დიდ ეკონომიკურ შემოსავლებს მოუტანს რეგიონს, ქვეყანას, ამ რეგიონში მცხოვრებლებს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

2019 წელს რიკოთის პროექტებზე დასაქმებული იყო 5 ათასი ადამიანი.  დასაქმებულთა 70-80% საქართველოს მოქალაქეა. გზის დარჩენილ მონაკვეთებზე სამუშაოების დაწყების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა გაორმაგდება.