მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კომუნალური გადასახადების სრულად დასაფინანსებლად ჯამში ბიუჯეტიდან 150 მილიონი დაიხარჯება

ბიუჯეტი შემცირდება

კომუნალური გადასახადების სრულად დასაფინანსებლად, რომელიც მოქალაქეთა ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 150 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, მთავრობამ გადაწყვეტილება 4 სახის კომუნალურ სერვისზე მიიღო - ელექტროენერგია, ამას დამატებული წყალი, დასუფთავება, და ბუნებრივი აირი. გადასახადი დაუფინანსდება საყოფაცხოვრებო კატეგორიას.

დავით ნარმანიას განცხადებით, ოჯახები, რომლებიც თვეში 200 კილოვატს მოიხმარენ, სრულად დაუფინანსდებათ გადასახადი, როგორც თბილისში, ისე რეგიონში. ელექტროენერგიის შემთხვევაში 200 კილოვატი ეს არის დაახლოებით 37 ლარი. ამას დაემატება წყლის და დასუფთავების გადასახადის დაფარვა. ამასთან, ოჯახები, რომლებიც 200 მ3 ბუნებრივ აირს მოიხმარენ თვეში, სრულად დაუფინანსდებათ გადასახადი. ეს თბილისის შემთხვევაში თვეში 92 ლარია, ხოლო რეგიონებში დაახლოებით 113-114 ლარი.

"ჯამში მთავრობა თვეში 50 მილიონ ლარს დახარჯავს. ელექტროენერგიის მოსაკრებელი დაუფინანსდება დაახლოებით 1 მილიონ 200 ათას აბონენტს, ამისთვის თვეში დაახლოებით ჯამში 17 მილიონი ლარი დაიხარჯება. ბუნებრივი აირის საფასური დაახლოებით 670 ათას ოჯახს დაუფინანსდება და 27 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო წყალმომარაგება -დასუფთავების მოსაკრებელი დაახლოებით 5-6 მილონის ფარგლებში იქნება, რასაც ასევე მთავრობა დააფინანსებს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისი თქმით, ის აბონენტები, რომლებიც ნებაყოფლობით უარს განაცხადებენ სამთავრობო მხარდაჭერის მიღებაზე, მათ შესაძლებლობა ექნება, ეს თანხა დააბრუნონ.

"ნებაყოფლობით უარის თქმის შემთხვევაში, თანხას ამ ძნელბედობის ჟამს მთავრობა სხვა ღონისძიებების დასაფინანსებლად მიმართავს, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა დავით ნარმანიამ "მაესტროს" ეთერში.

ამასთან, დავით ნარმანიას განცხადებით, აბონენტებს, რომლებსაც მთავრობის მხარდაჭერა შეეხებათ, თუმცა მარტის თვის კომუნალური გადასახადი ნებაყოფლობით უკვე გადაიხადეს, ან ავტომატურად ჩამოეჭრათ ბანკის მიერ, თანხა უკან დაუბრუნდებათ - მათ შესაძლებლობა ექნებათ, მომდევნო პერიოდში გამოიყენონ ეს თანხა გადასახადის გადასახდელად.

ცნობისთვის, მთავრობამ მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. კომუნალურები დაუფინანსდებათ მარტის, აპრილის და მაისის თვეში.