მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონა-კრიზისი დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე მასშტაბური იქნება

კოროანაკრიზისი

მსოფლიო პრაქტიკულად უკვე შეთანხმდა, რომ 2020 წლის გლობალური ეკონომიკური ვარდნა 2009 წლის კრიზისთან შედარებით უფრო მასშტაბური იქნება. 11 წლის წინ მსოფლიო ეკონომიკა 1.7%-ით შემცირდა, ახლა სავალუტო ფონდი 3%-იან ვარდნას პროგნოზირებს.

ისევე როგორც 2009 წელს, ახლაც ვარდნის ტემპი სხვადასხვა ქვეყნისთვის სხვადასხვა იქნება, მაგრამ უმრავლეს ქვეყანაში კრიზისი უფრო მწვავედ შეიგრძნობა.

შეერთებულ შტატებში 2009 წელს ეკონომიკა 2.5%-ით შემცირდა, უმუშევრობა კი 9.9%-მდე გაიზარდა. წლევანდელი პროგნოზი ბევრად უფრო მძიმეა რაც მშპ-ის 5.9%-იან ვარდნასა და უმუშევრობის 13%-მდე ზდას გულისხმობს. ეს აშშ-ისთვის ნამდვილი კატასტროფა იქნება, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მშპ-ის უფრო დიდი ტემპით ვარდნა ბოლო 74 წლის წინ 1946 წელს დაფიქსირდა -11.6%, ხოლო უმუშევრობა უფრო მაღალი, - 14.6% ბოლოს 80 წლის წინ 1940 წელს იყო, მაშინ როცა დიდი დეპრესიის ტკივილი ჯერ ბოლომდე მოშუშებული არ იყო. მარტში 2.99 მლნ ამერიკელმა უკვე დაკარგა სამსახური. ტრამპს მისი მთავარი მიღწევები, ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება და უმუშევრობის სიმცირით ნახევარსაუკუნოვანი რეკორდის მოხსნა წყალში ეყრება.

კიდევ უფრო მძიმეა ევროზონის ხვედრი, სადაც მშპ-ის 7.5%-იანი ვარდნაა პროგნოზირებული. შედარებისთვის 2009 წელს ვარდნა 4.5-ს შეადგენდა. უფრო კონკრეტულად გერმანიის ეკონომიკა 7.5%-ით შემცირდება, როცა 2009 წელს 5.7%-ით შემცირდა, იტალიის - 9.1%-ით ანუ იმაზე 4%-ით მეტით ვიდრე 2009 წელს, ესპანეთის - 8%-ით, რაც 11 წლი წინანდელ მაჩვენებელს 2.1-ჯერ აჭარბებს. საფრანგეთის - 7.2%-ით, რაც ასევე თითქმის 3%-ით აღემატება წინა რეცესიას.

ჩინეთში, საიდანაც პანდემია 200-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა, მდგომარეობა შედარებით უკეთესია და ეკონომიკურმა ზრდამ შესაძლოა 1.2%-ს მიაღწიოს. ევროზონასთან შედარებით ცხადია ეს საუცხოო შედეგია, მაგრამ არა ჩინეთისთვის, რომლისთვისაც 1.2%-იანი ზრდა ბოლო 44 წლის მინიმუმი იქნება. 2009 წელს ჩინეთის ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა.

მინიმუმ 5.5%-ით მცირდება რუსეთის ეკონომიკა, თუმცა ნავთობზე ფასების ვარდნის გაგრძელების შემთხვევაში ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება. 2009 წელს ვარდნა რუსეთში 7.8% იყო.

რაც შეეხება საქართველოს. საქართველოშიც უკანასკნელად ეკონომიკა 2009 წელს შემცირდა. მაშინ ვარდნის ტემპმა 3.7% შეადგინა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ მოსალოდნელი 4-5 პროცენტიანი ვარდნის შესახებ განაცხადა. 2008-2009 წლებისგან განსხვავებით, როდესაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და რუსეთის ინტერნვენციის შემდეგ საქართველოში ინვესტიციები და შიდა მოთხოვნა შემცირდა, წელს ბიზნესი თვეზე მეტია მთლიანად გაჩერებულია და კიდევ რამდენიმე კვირა ან რამდენიმე თვე ვერ ამუშავდება და შემდეგაც მხოლოდ ეტაპობრივად დაიწყებს ფუნქციონირებას. უკეთეს შემთხვევაში გაიხსნება შიდა ტურიზმი, უცხოეთიდან კი საზღვრების გახსნის შემთხვევაშიც კლებაა მოსალოდნელი. მსგავსი რამ 2009 წელს არ მომხდარა. მაშინ ბიზნესი რამდენიმე თვე მხოლოდ რუსთაველის გამზირზე ე.წ. საკნების ქალაქის დროს გაჩერდა. კვარტალურად ყველაზე დიდი ვარდნა - 8.7% სწორედ 2009 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირდა, რამაც უშუალოდ ომის შემდგომი პერიოდის, 2008 წლის მესამე კვარტალის ვარდნას მთელი 3.1%-ით გადააჭარბა.

2008-2009 წლებში საქართველო საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციებისგან სესხისა თუ გრანტის სახით ჯამში $4.5 მლრდ მიიღო. წელს ფაქტობრივი შეთანხმება $3 მლრდ-ზე უკვე მიღწეულია, რომლის ნახევარი ბიუჯეტში ჩაირიცხება, ხოლო ნახევარი კერძო სექტორს მოხმარდება.

მარტის სტატისტიკური მაჩვენებლები ჯერ ახლა ქვეყნდება. ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე მათგანია ცნობილი, კერძოდ ექსპორტი 22%-ითაა შემცირებული, ფულადი გზავნილები 9%-ით. მგზავრთნაკადი აეროპორტებში - 70%-ით. კერძო სექტორში ახალი ვაკანსიების რაოდენობა - 37%-ით. (წყარო Jobs.ge) უცნობია მშპ-ის ზრდისა და ვიზიტორების რაოდენობის სტატისტიკა, აგრეთვე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, რომელიც კვარტალურად იზომება.

იმის გათვალისწინებით, რომ შეზღუდვები მარტის მეორე ნახევრიდან ამოქმედდა, საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და მისი პირობები 31 მარტიდან გამკაცრდა აპრილში ვარდნა კიდევ უფრო მასშტაბური იქნება.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეზღუდევების ეტაპობრივი მოხსნა მაისის მეორე ნახევრიდან დაიწყო, ეკონომიკის ვარდნის ტემპი უდიდესი ალბათობით მაინც გადააჭარბებს 2009 წლის მაჩვენებელს. 2009 წლამდე საქართველოს ეკონომიკა მინუსში ბოლოს 1994 წელს გავიდა, მაშინ ვარდნამ 10.4%-ს მიაღწია.

მსოფლიო 2020 წელს 3.5%-იან ზრდას ელოდა და ახლა 3%-იან კლებას უნდა შეეგუოს. დანაკარგი $5.6 ტრლნ-ს აღწევს. ეკონომისტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ზომის ვარდნა საბოლოო ჯამში უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს ვიდრე უშუალოდ კორონავირუსი.

ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი