მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთავრობამ "ბახვი 1"-ის მცირე ჰესის მშენებლობა დაამტკიცა

ელექტროსადგური

გურიაში, მცირე ელექტროსადგური "ბახვი 1" აშენდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ და მოვიწონეთ, ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, "ბახვის 1"-ის მცირე ელექტროსადგურის მშენებლობა გურიაში, რომლის სიმძლავრე 12 მეგავატია. ეს პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ქართული წარმოება და მწვანე ენერგია, ასევე 20 დამატებითი სამუშაო ადგილი, არამედ იმიტომაც, რომ ეს პროექტი განხორციელდება ამერიკული მხარის მხარდაჭერით",-აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამერიკული კომპანია, რომელიც მცირე ჰესის მშენებლობაში ინვესტიციას ჩადებს "ცერბერუს ფრონტიერ"-ია.

„პროექტის ინიციატორია აშშ - ის ერთერთი მსხვილი საინვესტიციო ფონდის „ცერბერუს კაპიტალ მენეჯმენტის“ აფილირებული კომპანია „ცერბერუს ფრონტიერი“, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის სფეროში ახორციელებს პროექტებს. ეს იქნება ამერიკული კომპანიის მეხუთე პროექტი ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში პროექტი შესწავლის ეტაპიდან მშენებლობის ეტაპზე გადავიდეს,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.  

პროექტის თანახმად, ბახვი ჰესის წლიური გამომუშავება 50 მგვტ/სთ იქნება, სავარაუდო ინვესტიცია კი - 16 მლნ აშშ დოლარი. ამჟამად პროექტი კვლევის ეტაპზეა.