მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავა: ბიზნესის სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება

ეკონომიკის მინისტრი ბრიფინგზე

„ჩვენ არ ვგეგმავთ, არ ვაპირებთ ბიზნესის სისტემურ შეზღუდვას, ლოქდაუნის გამეორებას, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება მარტივი არ არის“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მინისტრის განმარტებით, ხელისუფლება საჭიროებისამებრ მხოლოდ ლოკალური შეზღუდვების გზით მოქმედებს, რათა ბიზნესი თავის საქმიანობას სწრაფად დაუბრუნდეს.

„ჩვენი არჩევანი არის მხოლოდ ლოკალური, დროებით შეზღუდვები პროტოკოლების დაცვით იქ, სადაც ეს გარდაუვალია და შემდგომში ესა თუ ის ორგანიზაცია კვლავ ერთვება საქმიანობაში. ასე რომ, სისტემური, დარგობრივი, დიდი შეზღუდვები ჩვენ დაგეგმილი არ გვაქვს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი თქმით, ზოგიერთ კომპანიაში წერტილოვანი შეზღუდვები საკმაოდ ეფექტიანი აღმოჩნდა.

„ამის მაგალითია „აჭარა ტექსტილი“ და სხვათა შორის, სწორედ ამ დარგს და ასეთ კომპანიებს უნდა ვუმადლოდეთ, რომ სექტემბრის თვეში ექსპორტში გვაქვს თითქმის 9%-იანი ზრდა - ტექსტილი და სამკერვალო ინდუსტრია ერთ-ერთი ლიდერია ამ მიმართულებით.

„აჭარა ტექსტილის“ საწარმოში იყო ინფიცირების შემთხვევები, მაგრამ დღესდღეობით კვლავ მწყობრშია ქობულეთის და ბათუმის საწარმოები, ფოთის საწარმო ჯერჯერობით გაჩერებულია, იქ მიმდინარეობს ყველა დაგეგმილი ღონისძიება და იმედი მაქვს, რომ ისიც მალე ამუშავდება“, - აღნიშნა მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, რესტორნები 22:00 საათის შემდეგ აღარც მცხეთაში იმუშავებენ. აღნიშნული შეზღუდვა უკვე მოქმედებს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.