მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავა: მძიმე მრეწველობას ვერ გავაჩერებდით

ეკონომიკის მინისტრი

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განმარტებით ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია იმ დარგებისა და საქმიანობების ჩამონათვალის ნახვა, რომლებიც გარკვეული პირობების დაცვით ფუნქციონირებას განაგრძობენ.

მინისტრმა ასევე ახსნა თუ რა პრინციპით შეარჩია მთავრობამ საწარმოები და ეკონომიკური საქმიანობის სახეები, რომელთა საგანგებო მდგომარეობის პირობებში მუშაობის გაგრძელების უფლება მიეცათ.

„ჩვენ შევიმუშავეთ და გამოვაქვეყნეთ მსხვილი სისტემის შემქმნელი წარმოებების ჩამონათვალი. ძირითადად, ეს არის მძიმე მრეწველობა და სამთო - მომპოვებელი წარმოება და გადამუშავება, რომელთა გაჩერება შეუძლებელი იყო ამ ეტაპზე. ამის მიუხედავად, მათაც ძალიან მკაცრად მოვთხოვთ ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების და წესების შესრულებას. ეს ისეთი საწარმოებია, რომელთა დიდი ნაწილის მუშაობა უწყვეტ ციკლთან არის დაკავშირებული. ჩვენ ამას გაგებით ვეკიდებით , მაგრამ ასევე ვთხოვთ ამ საწარმოების მენეჯერებს, რომ სრულიად ადეკვატურად მოეკიდონ ამ შესაძლებლობას,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, მთავრობას შექმნილი აქვს საგანგებო შტაბი. „მოქმედი ბიზნესების, ეკონომიკური სუბიექტებისა და ორგანიზაციების მხრიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული გაიდლაინებისა და წესების შესრულებაზე კონტროლს ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ. ეს პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ლიდერობით მიმდინარეობს, თუმცა მასში ჩართული ვართ ჩვენც და სხვა სამთავრობო უწყებებიც. შემოწმების პროცესი გეგმაზომიერად ჩატარდება. მინდა, ყველა ორგანიზაცია მოემზადოს ამისთვის და მაქსიმალურად უზრუნველყონ საკუთარი თანამშრომლების დაცვა პირადი ჰიგიენის საშუალებით, ასევე შეასრულონ სხვა რეკომენდაციები, მათ შორის სავალდებულო თერმოსკრინინგი. ამ ვალდებულების შესრულებას ყველა ბიზნესსუბიექტს მკაცრად მოვთხოვთ,“ – განაცხადა მინისტრმა.