მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: ეკონომიკის დახურვის სურვილი არ გვაქვს

პრემიერი საკოორდინაციო საბჭოზე

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში დღეს ძალიან ბევრი ეკონომიკური საქმიანობა იხსნება.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად ამოქმედება, სავაჭრო ცენტრების, ღია რესტორნების გახსნა - ეს ყველაფერი იწვევს მობილობის ზრდას, რაც თავისთავად ვირუსის გავრცელების უფრო მეტ რისკს ქმნის.

შესაბამისად, პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს გარკვეული წესები დაიცვან, პირველ რიგში გამოიყენონ პირბადე.

"ყველას უნდა გვესმოდეს, ვირუსი არ დაგვიმარცხებია, საერთოდ შეუძლებელია ცალკე აღებულ ქვეყანაში ვირუსის დამარცხება. ეს არის გლობალური პანდემია. ვერც-ერთი ქვეყანა, ცალკე აღებული, ვირუსს ვერ დაამარცხებს. მასთან გამარჯვება მსოფლიომ ერთად უნდა იზეიმოს. ჩვენი ამოცანაა, ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი, როგორც დროში, ისე სივრცეში. ბოლო 2 დღის განმავლობაში ქვეყანაში 2 ახალი კლასტერი გაგვიჩნდა, ერთი თბილისში და ერთი მარნეულში, სოფელ მერეთში.

თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, ელემენტარული წესების დაცვა და მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, ვატაროთ ნიღაბი, მაშინ როდესაც ვართ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ამას აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა. ეს არის ძალიან მარტივი და შეგვიძლია ყველამ გავაკეთოთ ეს, რადგან ჩვენ იძულებული ვართ, ეკონომიკა ნელ-ნელა გავხსნათ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არ გვაქვს უკან დაბრუნების არანაირი სურვილი, ეკონომიკის შემდგომი ან ხელახალი დახურვის. მთავრობას გააზრებული აქვს ის სოციალური დახმარება, რომელსაც ჩვენ ვუწევთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც შემოსავალი დაკარგეს, მაგრამ ეს სოციალური დახმარება საკმარისი არ არის, ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, ეკონომიკა გავხსნათ და ადამიანებმა აღიდგინონ ის შემოსავალი, რომელიც მათ კოვიდამდე ჰქონდათ. დაიბრუნონ ცხოვრების ის დონე, რომელიც წლის დასაწყისში ჰქონდათ. ის გეგმები, რომელიც მთავრობას გააჩნია, ეკონომიკის, ტურიზმის განხსნის, ყველაფერი უკიდურესად ფრთხილად და გონივრულად იქნება გაკეთებული.

მოგიწოდებთ, ვატაროთ ნიღბები, ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ პირველ რიგში ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, და შევინარჩუნოთ ჩვენი ეკონომიკის აღდგენის ის პოტენციალი, რომელიც საქართველოს, ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, განსაკუთრებით რეგიონში გააჩნია", - აღნიშნა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.