მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: ეკონომიკური ზრდის სერიოზულ შემცირებას ველოდებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 2020

"ჩვენ ბრძოლა გვაქვს ორ ფრონტზე - ჯანმრთელობის და ეკონომიკური განვითარების. არც ერთ ფრონტზე, ცალკე აღებულზე გამარჯვებას ფასი არ ექნება", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის სერიოზული შემცირებაა მოსალოდნელი. შესაბამისად მთავრობა ანალიტიკურ ჯგუფებთან ერთად შესაბამის გეგმაზე მუშაობს.

"რა თქმა უნდა ეკონომიკური გამოწვევები დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა ჩვენ ეკონომიკური ზრდის სერიოზულ შემცირებას ველოდებით. შესაბამისად ბიუჯეტში ცვლილებებიც შეგვაქვს.

საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს ამ გამკაცრებული ღონისძიებების - კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე, მაგრამ ეს ერთ დღეში და ერთ კვირაში ვერ მოხდება. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად გააზრებული გეგმა, რომელმაც უნდა დაიცვას ბალანსი - მოქალაქის ჯანმრთელობის, კორონავირუსის გავრცელების შეჩერების და ეკონომიკური პოტენციალის შენარჩუნების, სამუშაო ადგილების ამუშავების.

ეს გეგმა უკვე არსებობს. პროცესში ჩაერთვებიან ანალიტიკური ჯგუფები - ესენი არიან საქართველოში როგორც ყველაზე დიდი რეპუტაციის და ნდობის მქონე ანალიტიკური ჯგუფები, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ასევე საერთაშორისო ფონდები, რომლებიც გვეხმარებიან. ახლა დეტალებზე ვმუშაობთ", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.