მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რას მოუტანს საქართველოს თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების მკვეთრი ზრდა?

კორონა თურქეთი

კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან სულ რაღაც 19 დღეში, თურქეთში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 9217-მდე გაიზარდა. ზრდის ტემპი უფრო მაღალია, ვიდრე იტალიაში, რაც გარკევულ საფრთხეებს საქართველოსაც უქმნის.

ორ სახელმწიფოს შორის საზღვრების გაკონტროლება შესაძლებელია, თუმცა თურქეთში რჩება საქართველოს ათასობით მოქალაქე და ვირუსის გავრცელების ზრდასთან ერთად მათი ინფიცირების რისკი იზრდება.

თურქეთიდან ფულადი გზავნილების წილი არც ისე მაღალია და 6%-ს არ აღემატება, მაგრამ რადგან ადამიანები იქ სამუშაოდ ძირითადად რამდენიმე თვით გადადიან ბევრ მათგანს ფული საქართველოში ქეშის სახით შემოაქვს.

ათწლეულების განმავლობაში თურქეთი საქართველოს #1 სავაჭრო პარტნიორი იყო. 2019 წელს თურქეთიდან $1.6 მლრდ-ს იმპორტი განხორციელდა, ჯამური იმპორტის 17.6%. თურქეთში საწარმოების დახურვის გამო ეს რიცხვი შემცირდება. იმპორტის ნაწილს უფრო ძვირი ევროპული პროდუქცია, ნაწილს უფრო იაფი ჩინური საქონელი, ნაწილს კი ადგილობრივი ნაწარმი ჩაანაცვლებს, რაღაც ნაწილზე კი მოთხოვნა იმდენად შემცირდება, რომ მისი წილი ნულს გაუტოლდება. ზოგადად იმპორტის სიმცირე კარგი არ არის. მსოფლიოში #1 იმპორტიორი შეერთებული შტატებია, რომელმაც 2019 წელს $3.1 ტრლნ-ის იმპორტი განახორციელა (მომსახურების იმპორტის ჩათვლით). თუმცა საქართველოს შემთხვევაში, როდესაც კურსი 3.30-ზე მაღლა ნარჩუნდება და შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო - ტურიზმი – ჩავარდნილია, იმპორტის შემცირება ნაკლები დოლარის გადიენაბას ნიშნავს, რაც საგადამხდელო ბალანსს მეტ-ნაკლებად დააბალანსებს.

კიდევ ერთი დამაბალანსებელი აუცილებლად გახდება ნავთობი, რომელსაც იმპორტირებულ პროდუქციაში თითქმის ყოველთვის პირველი ადგილი ეკავა. რამდენიმე კვირაში, უარეს შემთხვევაში რამდენიმე თვეში, ქუჩები ისევ ისევ გაივსება ავტომობილებით და მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაჩერებული მიკროავატობუსებიც დაემატება, თუმცა ნავთობზე ფასი შემცირებული დარჩება. „შავი ოქროს“ ფასი ახლა $23-ს შეადგენს, რაც 1 წლის წინანდელ მაჩვენებელზე 3-ჯერ ნაკლებია. 2019 წელს ნავთობის იმპორტის მოცულობამ $757 მლნ შეადგინა ჯამური იმპორტის 8.3%-ზე მეტი, მიმდინარე წელს ეს რიცხვი ყველა შემთხვევაში შემცირდება.

კორონავირუსი მიმდინარე წელს როგორც იმპორტს, ასევე ექსპორტს შეამცირებს. თუმცა ნატობის ფასის ვარდნისა და კურსის გაუფასურების გამო უფრო მეტად იმპორტის კლებაა მოსალოდნელი. 

ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი, ეკონომიკური მიმომხილველი