მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში პირბადეების საწარმო გაიხსნა

პირბადეების საწარმო

„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით, საქართველოში უმაღლესი ხარისხის სპეციალური დამცავშრიანი სამედიცინო დანიშნულების პირბადეების საწარმო „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ პროდუქციის - Faceguard-ის გამოშვებას იწყებს.

საწარმოს  გახსნას ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, ჩინეთის საელჩოსა და თიბისი ბანკის წარმომადგენლები დაესწრნენ. საწარმოო პროცესი სტუმრებს „საპარტნიორო ფონდისა“ და „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ მენეჯმენტმა დაათვალიერებინეს.

საპარტნიორო ფონდის ცნობით „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის პირბადეების საწარმოა საქართველოში, რომელიც თანამედროვე, დანადგარებით აღჭურვილ ორ საწარმოო ხაზს მოიცავს. პირბადეები ე.წ. „Melt blown“ უმაღლესი ხარისხის ნედლეულით იწარმოება და 99%-იან დაცვას უზრუნველჰყოფს. 

„ჩვენმა კომპანიამ ამ პროექტზე მუშაობა ორი თვის წინ დაიწყო. მადლობას ვუხდით „საპარტნიორო ფონდს“ და უშუალოდ მის აღმასრულებელ დირექტორს, ბატონ დავით საგანელიძეს ამ პროექტის მხარდაჭერისთვის. მოგეხსენებათ, პროექტის სრული კონცეფცია „საპარტნიორო ფონდის“ მიერ არის შემუშავებული და ჩინურ მხარესთან აქტიურ მოლაპარაკებასაც ფონდი აწარმოებდა. მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, იყო სირთულეები, გაძნელებული იყო ტრანსპორტირება, ასევე ჩინეთიდან იქ არსებული სიტუაციის გამო აკრძალული იყო დანადგარებისა და ნედლეულის მიწოდება. ხოლო „საპარტნიორი ფონდის“ ჩინეთის პოლიტიკურ და ბიზნეს წრეებთან მარავალწლიანი საქმიანი ურთიერთობებიდან გამომდინარე,  შესაძლებელი გახდა, ჩინეთიდან ეპიდემიის გამო არსებული საგანგებო მდგომარების პირობებში, გამონაკლისის დაშვება და მოკლე დროში საქართველოში დანადგარებისა და ნედლეულის ჩამოტანა. ამ მნიშვნელოვანი წვლილისთვის კომპანიამ „საპარტნიორო ფონდს“ 10 %-იანი წილი გადასცა,“ განაცხადა „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ დამფუძნებელმა დავით მიმინოშვილმა.

ამჟამად, „ნიუ ტექნოლოჯ იმპექსში“ ორი საწარმოო ხაზი  უკვე დამონტაჟებულია, იწყება პირველი პროდუქციის - Faceguard-ის წარმოება, რომელიც პირველ ეტაპზე, მხოლოდ   ადგილობრივი ბაზრისთვისთვისაა განკუთვნილი. 

საინვესტიციო პროექტი კერძო ინვესტიციებით და „თიბისი“ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.  „საპარტნიორო ფონდს“ პროექტში ფინანსური თანამონაწილრეობა არ მიუღია.

პირბადეების საწარმო „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსში“ პირველ ეტაპზე 50-მდე ადამიანი დასაქმდება. Faceguard-ის გასაყიდი ფასი იმპორტირებულ პროდუქციასთან  შედარებით, ბევრად იაფი იქნება.

საწარმოს წარმადობა სრული დატვირთვისას თვეში 12 მილიონ პირბადეს შეადგენს. პროდუქცია Faceguard-ი განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი, ასევე - საექსპორტო ბაზრებისთვის. 

„ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ მომავალში საწარმოს გაფართოებას და სხვა სამედიცინო  საშუალებების  წარმოებას გეგმავს.