მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სესხის გადავადებაზე მოქალაქეების განცხადებებს ბანკები ინდივიდუალურად განიხილავენ

სესხის გადავადება

„საბანკო სექტორი მზად არის სესხების გადავადებისა და რესტრუქტურიზაციის შესახებ მოქალაქეების მიმართვები ინდივიდუალურად განიხილოს“, - ამის შესახებ საბანკო ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი. 

ამავე ცნობით, მოქალაქეებმა, რომლებმაც შემოსავალი დეკემბერ-იანვრის დროებითი ღონისძიებების შედეგად დაკარგეს, სესხის გადავადებასა თუ რესტრუქტურიზაციის შესახებ განაცხადი მთავრობის მიერ დაანონსებულ პორტალზე უნდა გააკეთონ.

„2020 წელი თანაბრად რთული აღმოჩნდა, როგორც მსოფლიოსთვის, ისე საქართველოს მოსახლეობისთვის. საბანკო სექტორი ადეკვატურად პასუხობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გამოწვევებს, მათ განწყობებსა და მოლოდინებს და ეროვნულ ბანკთან და მთავრობასთან ერთად, მზადაა მაქსიმალურად შეუმსუბუქოს საქართველოს მოქალაქეებს პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ნეგატიური გავლენა.

2020 წლის ივნისიდან საბანკო სექტორი მუდმივ რეჟიმში სწავლობს და რეაგირებს კომპანიების შეცვლილ მოთხოვნებზე და რეალობაზე. ნებისმიერი განცხადება საბანკო სექტორის შესაძლო ქმედითუნარიანობის შემცირებასთან დაკავშირებით საფუძველმოკლებულია. 2019-2020 წლების განმავლობაში შექმნილი კაპიტალის ბუფერები და რეზერვები იძლევა სისტემის მდგრადი განვითარების საშუალებას.

მსესხებლები, რომლებმაც შემოსავალი დეკემბერ-იანვრის დროებითი ღონისძიებების შედეგად დაკარგეს, მთავრობის მიერ დაანონსებულ პორტალზე უნდა დარეგისტრირდნენ, რაც მათი განაცხადების დაჩქარებული დაკმაყოფილების საშუალებას შექმნის.

ის მსესხებლები, რომელთა შემოსავლების სტრუქტურა შეიცვალა ან შემცირდა, შემცირების დამადასტურებელი საბუთებით მომართვის შემთხვევაში, სექტორი ინდივიდუალურად განიხილავს მათ განაცხადებს და შესაბამისად, ინდივუდუალურად მიიღებენ გადავადების თუ რესტრუქტურიზაციის გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნულია საბანკო სექტორის ერთობლივ განცხადებაში.