მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შემოდის თუ არა საქართველოში კონტრაბანდული თხევადი გაზი?

თხევადი გაზი

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, მარტში ქიმიური ნაერთების იმპორტი რეკორდულად გაიზარდა, რაც აჩენს ეჭვს, რომ სინამდვილეში ხდება თხევადი გაზის რეალიზაცია და სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით აქციზის გადასახადი აკლდება.

„მიმდინარე წლის მარტის თვეში 2901 10 000 00 სასაქონლო კოდით (ორგანული ქიმიური ნაერთები, ნახშირწყალბადები, აციკლური გაჯერებული) - რეკორდული რაოდენობის პროდუქტის - 1700 ტონის იმპორტი განხორციელდა. გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ მისი შემდგომი რეალიზაცია ხდება, როგორც თხევადი საავტომობილო გაზი (LPG). ვინაიდან აღნიშნული სასაქონლო კოდი არ განეკუთვნება აქციზით დასაბეგრ პროდუქციას, შესაბამისად მისი იმპორტისას არ ხდება მასზე აქციზის გადახდა, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად აზარალებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტს.“ აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, ნავთობის, ნავთოპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარე, შავლეგ მიშველაძე.

მიშველაძის განმარტებით შექმნილი არაკონკურენტული გარემოს გამო ზარალდებიან კეთილსინდისიერი მეწარმეები და მომხმარებლები, რომლებიც საბოლოო ჯამში იღებენ უხარისხო, არასტანდარტულ პროდუქტს.

თხევადი გაზის დაბეგვრასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ბიზნეს ასოციაციამ უკვე მიმართა პარლამენტს, თუმცა საგანგებო მდგომარეობის გამო, საკითხის განხილვა გადაიდო.