მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოსო ფხაკაძე: ვითხოვთ, 6 თვის ვადით ბიზნესს გადასახადები გადაუვადდეს

ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ცვლილებების საბოლოო რედაქცია ბიზნესთან შეთანხმებულია.

დღეს, 20 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განაცხადა შეხვედრაზე 2 მთავარ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს.

„ნომერ პირველია ის, რომ დავიცვათ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობა და მათი მოთხოვნები. მეორე კი არის ის, რომ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები“, - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

მისი თქმით, სწორედ მე-2 თემატიკასთან დაკავშირებით პრემიერთან 2 კონკრეტულ საკითხზე ისაუბრეს.

„ამა წლის 22 მაისს საგადასახადო კოდექსში შეტანილი იქნა ცვლილება, რომელიც 2 სექტორს შეეხო. პირველ რიგში სასტუმროები, რესტორნები და სხვადასხვა კომპანიები და ტურ-ოპერატორები მოიაზრება. სწორედ ამიტომ ვითხოვთ, რომ დაგროვილი გადასახადი ჩამოეწეროს ამ ინდუსტრიას, რადგან მათ არ უმუშავიათ და შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის გადახდა რთულია.

მეორე საკითხი კი უკავშირდება სამუშაო ადგილების შენარჩუნებას. 22 მაისის გადაწყვეტილებით საგადასახადო კოდექსში ასევე შევიდა ცვლილება და საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდა ნებისმიერი კომპანია იმ შემთხვევაში თუ ხელფასი იყო 1 500 ლარამდე.

შეღავათის ვადა იწურება თვის ბოლოს და ჩვენი თხოვნაა, რომ 6 თვის ვადით მოგვეცეს საშუალება, არ გადავიხადოთ გადასახადი“, - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

მისი თქმით, ამ დახმარებების მიღების შემთხვევაში ყველას ეტყვიან, რომ მაქსიმალურად დაიცვან და გაუფრთხილდნენ თითოეულ სამუშაო ადგილს, რადგან უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანები კიდევ უფრო მეტი ტვირთი იქნება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე საზოგადოებისთვის.

„ჩვენ არ გვინდა ის პროფესიონალები დავკარგოთ, რომლებსაც წლების განმავლობაში ვზრდიდით და ამისათვის ბევრი ინვესტიცია გავიღეთ“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, პრემიერის ბიზნესმენებთან შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, რის შემდეგაც გარკვეული კომენტარები გაკეთდა .