მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ხახუბია: ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატობა უდიდესი პასუხისმგებლობაა

ფოთის კანდიდატი

„ვიყო ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია. დღეს მე მაქვს პატივი წარმოვადგენდე გუნდს, რომელმაც შეძლო და ხობში არაერთი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტი განახორციელა. ბევრ სოფელში მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, გაზიფიცირდა მუნიციპალიტეტის არაერთი დასახლება, ჩვენს ბევრ მოქალაქეს მოუგვარდა სასმელი წყლის პრობლემა, ჩატარდა სამელიორაციო სამუშაოები, სოფელში გაკეთდა ხიდები და ამბულატორიები, დასრულდა ხობის ცენტრალური პარკის მშენებლობა. ხობს უკვე აქვს სასწრაფო დახმარების ახალი შენობა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ განაცხადა.

მისი თქმით, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

„მიუხედავად დიდი პროგრესისა, ხობელები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია გაზიფიცირება და წყალმომარაგება. მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ორი მთავარი პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრას. მნიშვნელოვანია დასაქმების ხელშეწყობა. ამ მიმართულებით კარგ შედეგს მოგვიტანს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, რითაც საგრძნობლად გაიზრდება მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავლები, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.

ჩვენი გუნდი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ეროვნულ ინტერესებსა და ევროპული დემოკრატიის იდეალებზე დაფუძნებული პარტიაა და ეს ბევრჯერ დავამტკიცეთ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტები მაქსიმალურად განვითარდნენ ჩვენი სახელმწიფოს გასაძლიერებლად“, - აღნიშნა ირაკლი ხახუბიამ.