მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე: მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის რვა წლიანი წინსვლისთვის

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე

,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნი, ირაკლი კობახიძე 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა.


"დღეს 1 ოქტომბერია. ზუსტად 8 წლის წინ ქართული საზოგადოება, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გაერთიანდა ადამიანის ღირსებისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში და შეიტანა დემოკრატიული გარდატეხა ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ცხოვრებაში.

ამ დღეს, ბიძინა ივანიშვილთან ერთად უამრავი შემოქმედი ჰყავს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების ფასად დაუპირისპირდნენ ბოროტებასა და სიცრუეზე აგებულ ავტორიტარულ რეჟიმს და მოიტანეს მთავარი, რაც იყო აუცილებელი ჩვენი სამშობლოს ცივილიზებულ სამყაროში, ერთიან ევროპულ სივრცეში ინტეგრაციისთვის - დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური სოლიდარობა.

დღეს გვინდა კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელსაც თავისი ფასდაუდებელი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში ავტორიტარიზმის ერთხელ და სამუდამოდ დასრულებასა და დემოკრატიული სახელმწიფოებრივი წესრიგის დამკვიდრებაში.

განსაკუთრებული მადლობა კი, რაღა თქმა უნდა, ეკუთვნის 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის და ქვეყნის რვა წლიანი წინსვლის სულისჩამდგმელსა და მთავარ შემოქმედს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს.



დღეს ჩვენ გაბარებთ ჩვენი პარტიის 8-წლიანი საქმიანობის ანგარიშს და წარმოგიდგენთ საარჩევნო პროგრამას, რომლის მიზანი ყველა იმ სიკეთის განმტკიცებაა, რომელიც 2012 წლის დემოკრატიულმა გარდატეხამ მოიტანა.

ჩვენი საარჩევნო პროგრამის შემუშავებაში ჩართული იყო პარტიის პოლიტიკური გუნდი ფართო შემადგენლობით - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, პარლამენტის მოქმედი და მომავალი წევრები, მინისტრები და მათი მოადგილეები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მაღალკვალიფიციური ექსპერტები. ყველა მათგანს ვუხდით მადლობას პროგრამის მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის.

დღეს წარმოგიდგენთ საარჩევნო პროგრამის ძირითად თეზისებს. არჩევნებამდე გვექნება საშუალება, ჩვენი საარჩევნო პროგრამა დარგობრივი ბლოკების მიხედვით, საზოგადოებას დეტალურად წარვუდგინოთ.

საარჩევნო პროგრამაში ასახულია ორი უმთავრესი ეროვნული პრობლემა, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მემკვიდრეობით მიიღო - ოკუპაცია და სიღარიბე. მშვიდობიანი ძალისხმევით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან შერიგება და საქართველოში სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა ჩვენი სახელმწიფოსა და ხელისუფლებისთვის უმთავრეს მიზნებად რჩება.

ჩვენი საარჩევნო პროგრამის მიზანი ეფექტიანი და მზრუნველი ხელისუფლების მიერ იმგვარი რეფორმების განხორციელებაა, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს დემოკრატიას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას, უზრუნველყოფს სწრაფ ეკონომიკურ წინსვლას, აამაღლებს კეთილდღეობის დონეს და გააუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას, ადამიანებს მისცემს განვითარებისა და თვითრეალიზების უკეთეს შესაძლებლობებს და ჩვენს ქვეყანას გაუმყარებს ღირსეულ ადგილს საერთაშორისო თანამეგობრობაში.

ეს არის სახელმწიფოებრივი განვითარების ევროპული სტანდარტი, საითკენაც მიისწრაფვის ჩვენი სახელმწიფო. საქართველოში ამ სტანდარტის სრული მასშტაბით დამკვიდრება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებით არის შესაძლებელი.

ევროკავშირი არის უალტერნატივო სივრცე ჩვენი იდენტობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შესაქმნელად.

ჩვენი საარჩევნო პროგრამა ეფუძნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ამბიციას, შექმნას ყველა პირობა, რათა 2024 წელს საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე.

2012 წლის დემოკრატიულმა გარდატეხამ შედეგად მოიტანა ფუნდამენტური წინსვლა ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. აღიკვეთა ადამიანების ღირსების შელახვის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ტოტალური თვალთვალისა და მოსმენის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის, ბიზნესის რეკეტის, კერძო საკუთრების ხელყოფის, კონსტიტუციური ინსტიტუტების დამორჩილების სისტემური პრაქტიკა.

„ქართული ოცნების“ ძალისხმევით, პირველად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს აქვს კონსტიტუცია, რომელიც განამტკიცებს უმაღლესი ევროპული სტანდარტის საპარლამენტო მმართველობის სისტემას და ქმნის მყარ ფუნდამენტს ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი დემოკრატიული განვითარებისთვის.

დღეს საქართველო არის თავისუფალი ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროპული ტიპის, უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტის დამკვიდრებისკენ".