მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Reuters – 66 პარტიიდან საქართველოს პარლამენტში 6-7 პარტია მოხვდება

როიტერი საქართველოს არჩევნებზე

ახალი ამბების სააგენტო Reuters საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს სტატიას უძღვნის და წერს, რომ არჩევნებში 66 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს. ვინაიდან გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე პარტია მოხვდება. ძირითადი ინტრიგა იმაში მდგომარეობს, შეძლებს თუ არა მმართველი „ქართული ოცნება“ მთავრობის დამოუკიდებლად დაკომპლექტებას, თუ ოპოზიცია საპარლამენტო და სამთავრობო კოალიციას ჩამოაყალიბებს. არჩევნების წინ ოპოზიცია შეთანხმდა, რომ პარლამენტში „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციას არ შექმნის.

Reuters წერს, რომ ძირითადი ბრძოლა „ქართულ ოცნებას“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გაიმართება. „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლის არჩევნებზე სწორედ "ოცნებამ" დაამარცხა. „ქართული ოცნების" ლიდერი ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია. ის 2012-2013 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო. შემდეგ თანამდებობა დატოვა, თუმცა ივანიშვილს ხშირად არაფორმალურ მმართველს უწოდებენ. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უდგას სათავეში, რომელიც ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს და საქართველოს მოქალაქე არ არის.

150 ადგილიან პარლამენტში 120 დეპუტატის არჩევა პარტიული სიებით მოხდება, ხოლო 30-ს - ერთმანდატიან ოლქებში აირჩევენ. Reuters ვარაუდობს, რომ პარლამენტში „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი“, „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“ და „ლეიბორისტული პარტია“ მოხვდებიან. მთავარი კითხვაა, თუ როგორ გადანაწილდება ამომრჩეველთა ხმები მათ შორის.

Reuters ასევე იუწყება, რომ საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20.00 საათზე დაიხურება. ამის შემდეგ ეგზიტპოლები გამოქვეყნდება, რომლებსაც ოთხი ორგანიზაცია დამოუკიდებელი ტელევიზიების დაკვეთით ატარებს. არჩევნების წინასწარ შედეგებს საარჩევნო კომისია 1-ელ ნოემბერს დილით გამოაქვეყნებს.

🔴 შეგახსენებთ, რომ დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და ქუთაისის მერის არჩევნები მიმდინარეობს.