მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დედა 2008 წელს, მძიმე სენით გარდაიცვალა, მცირე ხნის შემდეგ კი, მამა...“ - რა ისტორიებს იხსენებს გიორგი კაპანაძე

გამომძიებელი ჟურნალისტი

„მამა ჭიათურიდან იყო, დედა საჩხერიდან. ჭიათურაში მაქვს გატარებული ბავშვობა, ახლაც სასიამოვნოდ, თბილად და კარგად მახსენდება ის წლები. საჩხერეში, კერძოდ კი, სოფელ საირხეში, სკოლის არდადეგებზე ხშირად ჩავდიოდი. ბევრს ვიცნობ საირხეში, ჭორვილაში, მოძვში, კორბოულში, არგვეთში“ - ამბობს გამომძიებელი ჟურნალისტი, გიორგი კაპანაძე და ასე იხსნებს იმ წლებს, რომლებიც ზემო იმერეთთან აკავშირებს.

- რამდენჯერმე, საჯარო გამოსვლისას, ჭიათურა და საჩხერე ახსენეთ, რა გაკავშირებთ მათთან?

- ბევრი რამ... მთელი ბავშვობა, ბავშვობის წლები. იქ დავიბადე. მამა ჭიათურიდან იყო, ხოლო დედა საჩხერიდან. ჭიათურაში მაქვს გატარებული ბავშვობა, ახლაც სასიამოვნოდ, თბილად და კარგად მახსენდება ის წლები. ხოლო საჩხერეში, კერძოდ კი, სოფელ საირხეში, სკოლის არდადეგებზე ხშირად ჩავდიოდი. ბევრს ვიცნობ საირხეში, ჭორვილაში, მოძვში, კორბოულში, არგვეთში... მშობლები არ მყავს, დედა 2008 წელს მძიმე სენით გარდაიცვალა, მცირე ხნის შემდეგ კი, მამაც... საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირხეში არიან ჩემი მშობლები დასაფლავებულები. ეს დედას თხოვნა იყო, გარდაცვალების წინ... შესაბამისად, არასოდეს გამიწყვეტია კავშირი ჩემ მშობლიურ ჭიათურასთან და საჩხერესთან. კარგი, მშრომელი, გულიანი ხალხი ცხოვრობს ზემო იმერეთის ამ მადლიან მხარეში და ყოველთვის მიხარია იქ ჩასვლა.

- თუმცა, მათ საკმაოდ უჭირთ...

- სამწუხაროდ ასეა. 23 წელია ჟურნალისტი ვარ, 23 წელია ვაკვირდები და ზოგჯერ ვმონაწილეობ პოლიტიკურ პროცესებში. ამიტომ, ზუსტად ვიცი რომ საქართველოს ყველა მხარეშია გაბატონებული გაჭირვება. თუმცა, ჭიათურაში ეს ძალიან, ძალიან იგრძნობა და ამას თავისი მიზეზებიც აქვს. არადა, სრულიად შესაძლებელია რომ სამთო, ექსტრემალური, კურორტის განვითარების პარალელურად, ჭიათურელებს ღირსეული სამსახური, ანაზღაურება და შემოსავალი ჰქონდეთ. ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდეს ეკოლოგიური მდგომარეობა, აღარ იყოს მასობრივი პრობლემები ჯანმრთელობის კუთხით. სრულიად შესაძლებელია, რომ ჭიათურელი, საჩხერელი, ხარაგაულელი თუ სხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები გლეხი წელში გაიმართოს და არა კონკრეტულად ვინმეს დახმარებაზე, არამედ, თავის მოსავალზე, შრომაზე, სოფელზე იყოს დამოკიდებული.

ისე მოხდა რომ უკიდურესი სიღარიბის, უმუშევრობისა და გაჭირვების გამო, ადამიანთა გარკვეული ნაწილი დახმარების სახით გაცემულ „თევზზე“ გახადეს ორიენტირებული. თუმცა, მათ, პირველ რიგში, სამშობლოს დაბრუნებით, თავისუფლების მოპოვებითა და „ანკესით“ უნდა დავეხმაროთ, რათა თავადვე დაიჭირონ თევზი და არ იყვნენ დამოკიდებული ვიღაცის კეთილ ნებაზე.

- რას აპირებთ?

- შეიძლება ცოტა პათეტიკურად გამომივიდეს, მაგრამ მაინც ასე ვიტყვი: ვაპირებ ბრძოლას, შეცდომებზე სწავლას, ჩემი წილი აგურის დადებასა და ჯარისკაცობას ყველგან, სადაც საქართველოა...