მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამები და არსებული გამოწვევები

განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს დაარსდა. ცენტრი სახელმწიფო დაფინანსებით და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ყოვეწლიურად ახორციელებს სასტიპენდიო პროგრამებს საქართველოს მოქალაქეებისთვის. აღნიშნული პროგრამები საუკეთესო შესაძლებლობაა უცხოეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სხვადასხვა საფეხურზე უმაღლესი განათლების მისაღებად.

საქართველოსა და მსოფლიოში არსებულმა პანდემიურმა ვითარებამ, ცენტრი სხვა უწყებების მსგავსად არაერთი პრობლემის წინაშე დააყენა. როგორ მიმდინარეობს სასტიპენდიო კონკურსები, რა გამოწვევები გააჩინა პანდემიურმა და პოსტ-პანდემიურმა ვითარებამ ცენტრსა და ზოგადად, საგანმანათლებლო სექტორში და როგორია უწყების სამომავლო გეგმები - ამ და სხვა საკითხებზე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს - ნინო ჭელიძეს ვესაუბრეთ.

- 16 მარტს, განათლების საერთაშორისო ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ცენტრი გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. ამ დროს მიმდინარეობდა აპლიკაციების მიღება რამდენიმე სასტიპენდიო პროგრამაზე. რა შეიცვალა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შემდეგ და შეეხო თუ არა ეს ცვლილებები საკონკურსო ვადებსა და პროცედურებს?

- განათლების საერთაშორისო ცენტრი, ისევე როგორც თითქმის ყველა საჯარო უწყება, 16 მარტიდან სრულად გავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, თუმცა, ამის მიუხედავად, არ შეგვიცვლია ჩვენი სასტიპენდიო სქემების ვადები და პროცედურები. სასტიპენდიო პროგრამებში სააპლიკაციო და შეფასების სისტემები ყოველთვის დისტანციურ/ელექტრონულ რეჟიმში მუშაობდა, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით აპლიკანტებისთვის არაფერი შეცვლილა.

სწორად აღნიშნეთ, რომ იმ დროისათვის მიმდინარეობდა განაცხადების მიღება, რაც აპლიკანტებისთვის საკონსულტაციო შეხვედრების და ინდივიდუალური კონსულტირების - სასტიპენდიო პროგრამების ფართო პრეზენტაციებს გულისხმობს. ცენტრი მზად აღმოჩნდა კოვიდ 19-ის გამოწვევისთვის, რადგან საინფორმაციო ფეისბუქ-ლაივები, ელექტრონული და სატელეფონო კონსულტაციები - ცენტრის სამუშაო პროცესის კარგად დანერგილი ნაწილია. თუმცა ინფორმაციის  ეფექტურად მიწოდებისთვის ცენტრმა რამდენიმე დამატებითი მექანიზმი აამუშავა:

ამოქმედდა 24 საათიანი ცხელი ხაზი, სადაც კონკურსანტები გადიოდნენ კონსულტაციებს ცენტრის წარმომადგენლებთან, ასევე უწყვეტ რეჟიმში იყო შესაძლებელი ონლაინ-კონსულტაციის გავლა: მუშაობდა საინფორმაციო ელექტრონული ფოსტა და ცენტრის ფეისბუქ-გვერდი სოციალურ ქსელებში კომუნიკაციის მსურველთათვის.

საინფორმაციო შეხვედრების ნაცვლად, დამატებითი ფეისბუქ-სესიები შევთავაზეთ სტუდენტებს. ლაივის დროს ცენტრის პროგრამული სამსახურის წარმომადგენლები პირდაპირი ეთერის რეჟიმში პასუხობდნენ კონკურსანტების შეკითხვებს, ამომწურავად ისაუბრეს სააპლიკაციო პროცედურების შესახებ. ფეისბუქ-ლაივის ვიდეო დღემდე საჯარო და ხელმისაწვდომია ცენტრის გვერდზე სოციალურ ქსელში. ვიდეო ასობით დაინტერესებულმა მოქალაქემ ნახა.

ამრიგად, ვფიქრობთ, დისტანტური მუშაობის პირობებში, ცენტრმა შეძლო შესაბამისი ადმინისტრაციული რეკალიბრაცია, რაც კონკურსანტებისთვის ყველა შესაძლო რესურსის მობილიზებას და კონკურსებში შეუფერხებლად მონაწილეობას უზრუნველყოფს. მოგახსენებთ რომ აპლიკანტთა საერთო რაოდენობა შარშანდელთან შედარებით გაზრდილია.

ganatlebis-tsentris-logo_o_h.jpeg- ერთია, არსებული ვითარების შესაბამისად ცენტრის მიერ განხორციელებული აქტივობები და მეორე - თავად აპლიკანტთა უკუკავშირი. რამდენად დიდი იყო სასტიპენდიო კონკურსებში აქტივობა? იმოქმედა თუ არა პანდემიურმა გარემომ სტიპენდიის მსურველთა მომართვიანობის კუთხით?

ზემოთ აღვნიშნე, რომ ყველა შესაძლო რესურსის მობილიზებამ თავისი შედეგი გამოიღო, ცხადია, ამ პროცესში მნიშვნელოვანი იყო თავად კონკურსანტების დაინტერესება და აქტივობაც. მიმდინარე წელს, მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა, აპლიკანტთა მომართვიანობა არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა კიდეც გასულ რამდენიმე წელთან შედარებით (მაგალითად, სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიის კონკურსზე), რაც იმას ნიშნავს, რომ ცენტრის პროგრამებისადმი მაღალი ინტერესი არსებული ვითარების მიუხედავადაც კი არ შეცვლილა. ბევრი აპლიკანტი დაგვიკავშირდა კონკურსების განმავლობაში, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ პანდემიის პირობებში უცხოეთში განათლების უფლება და შესაძლებლობა კვლავ ხელმისაწვდომი რჩებოდა მათთვის.

ამ ეტაპზე, უკვე დასრულდა ერთობლივი სასტიპენდიო კონკურსები და შერჩეულია გამარჯვებული სტიპენდიატებიც (Stipendium Hungaricum-ის,  ფრანგულ-ქართული სამაგისტრო- და იტალიურ-ქართული საერთაშორისო პროგრამებისთვის).  ამჟამად კი მიმდინარეობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ოთხი პროგრამის მონაწილეთა შეფასება, ეს გახლავთ: საერთაშორისო სადოქტორო, საერთაშორისო სამაგისტრო, საერთაშორისო სახელოვნებო და საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები.

ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე კი კონკურსზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს 1 აგვისტოს ჩათვლით, რომელიც აშშ-ის საელჩოსა და ცენტრის ადმინისტრირებით ხორციელდება.

- თქვენ ბრძანეთ, რომ ამჟამად მიმდინარეობს კონკურსი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ოთხ პროგრამაზე. რა ეტაპზეა კონკურსი? რამდენი სტიპენდიატი დაფინანსდება აღნიშნულ პროგრამებით და რას ურჩევდით აპლიკანტებს, რომლებიც ახლა გასაუბრების ეტაპისთვის ემზადებიან?

დასახელებულ ოთხ პროგრამაში ახლა კონკურსის მესამე ანუ გასაუბრების ეტაპი მიმდინარეობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით გასაუბრებაც დისტანციურ რეჟიმშია გადატანილი, სასტიპენდიო კომისია შერჩეულ აპლიკანტებს ონლაინ-პროგრამის მეშვეობით გაესაუბრება და პირადი შეხვედრები, ცხადია, აღარ ჩატარდება;

რაც შეეხება სტიპენდიატების რაოდენობას: არსებული პანდემიური ვითარების გათვალისწინებით და ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ერთ მილიონამდე ლარი დაიხარჯება სწორედ ამ პროგრამის ახალი ბენეფიციარებისთვის. არსებული დაფინანსება საშუალებას გვაძლევს, რომ შევინარჩუნოთ ყველა მიმდინარე პროგრამა, თუმცა, წელს შედარებით მოკრძალებული იქნება დაფინანსებული სტიპენდიატების რიცხვი. სასტიპენდიო კომისიას წელს ძალიან რთული მისია აქვს, მათ განსაკუთრებულად მაღალი კონკურენციის პირობებში უწევთ საუკეთესოთა შორის საუკეთესო სტიპენდიატების შერჩევა.

აქვე მინდა ისიც აღვნიშნო, რომ კონკურსანტებს, ვინც წელს ვერ მიიღებს ცენტრის დაფინანსებას, სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობის მიღება მომავალ სასწავლო წელსაც შეუძლიათ.

- როგორია ცენტრის სასტიპენდიო კონკურსებში შეფასების კრიტერიუმები და როგორ კომპლექტდება სტიპენდიატთა შემრჩევი კომისიები?

თითოეულ პროგრამას ჰყავს შესაბამისი კომისია; საერთაშორისო პროგრამებში კომისია არის ერთობლივი. კომისია განსაზღვრავს საკონკურსო კრიტერიუმებსა და პროცედურებსაც.

ცენტრის ადმინისტრაცია არ იღებს მონაწილეობას კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენის პროცესში. შერჩევის ლოგიკა სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სასტიპენდიო სქემებთან, სადაც ადმინისტრაცია მხოლოდ არსებული საბუთების დასაშვებობას განსაზღვრავს და არ აქვს უფლება შინაარსის შეფასებაში მიიღოს მონაწილეობა.

როგორც სახელმწიფო, ასევე ერთობლივი საერთაშორისო პროგრამები ერთსა და იმავე საკონკურსო ლოგიკას იყენებს: 1. დასაშვებობა (eligibility criteria), 2. საბუთების შინაარსობრივი შეფასება, 3. გასაუბრება.

კონკურსანტები პირველ ეტაპზე წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტაციას, და დოკუმენტების ვალიდაციის წარმატებით გავლის შემდგომ, აპლიკანტები გადადიან კონკურსის მეორე და მესამე საკონკურსო ეტაპებზე. გასაუბრების ეტაპი ბოლო და გადამწყვეტია აპლიკანტებისთვის.

კომისიის წევრები არიან სხვადასხვა დარგისა და სექტორის პროფესიონალები, მათ შორის, ცენტრის ყოფილი სტიპენდიატები და კურსდამთავრებულები, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები. კონკურსანტებთან გასაუბრების პროცესს, რა თქმა უნდა,  ესწრება ცენტრის წარმომადგენელიც, რადგან შერჩევის პროცესისა და პროცედურების ფორმატზე სწორედ, განათლების საერთაშორისო ცენტრია პასუხისმგებელი.

სამაგისტრო, სადოქტორო, სახელოვნებო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებში  კონკურსანტების ვინაობა კომისიის წევრებისთვის ცნობილი არაა,  საკონკურსო წესისა და პროცედურების თანახმად კომისიის თითოეული წევრი ინდივიდუალურად და დამოუკიდებლად აფასებს კონკურსანტებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით და სწორედ მათი ქულათა ჯამის და საერთო რეიტინგების შესაბამისად გამოვლინდებიან საბოლოო გამარჯვებული კონკურსანტები.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საკონკურსო პროცედურები არის გამჭვირვალე და თანმიმდევრული, ამას ისიც ადასტურებს, რომ საერთაშორისო პარტნიორები - სასტიპენდიო პროგრამების განხორციელებისას, სწორედ ცენტრის სასტიპენდიო ლოგიკასა და სქემებს იყენებენ. ხოლო საკონკურსო პროცედურებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.

- გარდა 2020-2021 სასწავლო წლის კონკურსებისა და ახალი აპლიკანტებისა, ცენტრს ჰყავს მიმდინარე სტატუსის სტიპენდიატები, რომლებიც 30-მდე სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში სწავლობენ და კურსდამთავრებულებიც, რომელთათვისაც, საგრანტო კონკურსი და სხვადასხვა აქტივობა ხორციელდება. რა კეთდება ამ მიმართულებით? როგორია მიმდინარე სტიპენდიატთა და კურსდამთავრებულთა საჭიროებები და გამოწვევები?

2019-2020 სასწავლო წელს, განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო სქემების მეშვეობით, სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში სწავლა საქართველოს 161-მა მოქალაქემ გააგრძელა. კოვიდ 19-ის პირობებში, ცენტრი სტუდენტებს სამინისტროებთან კომუნიკაციაში ეხმარებოდა. განათლებისა და მეცნიერების, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროებს მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია იმ სტიპენდიატთა შესახებ, ვინც ქვეყანაში დაბრუნების სურვილს გამოთქვამს და მათ შესახებაც, ვინც სხვადასხვა ქვეყნაში რჩება სწავლის გასაგრძელებლად. ყველა ის სტიპენდიატი, რომელმაც საქართველოში დაბრუნების სურვილი გამოთქვა, უკვე ქვეყანაშია.

როგორც დაბრუნებული, ისე სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი სტიპენდიატები აგრძელებენ სწავლას დისტანციურ ფორმატში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა ქვეყანას და უმაღლეს სკოლას აქვს თავისი სამოქმედო სტრატეგია, მაგალითად, არის ქვეყნები და პარტნიორები, რომლებიც სტიპენდიატებს მიმღებ ქვეყანაში დარჩენის რეკომენდაციას აძლევდნენ, მაგ.: ასეთი რეკომენდაცია მიეცათ ,,სტიპენდიურ ჰუნგარიკუმის’’ ფარგლებში დაფინანსებულ სტუდენტებს.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა სტიპენდიატთა საჭიროებების კვლევის მიზნით შეიმუშავა სპეციალური კითხვარიც, რომლის მიხედვითაც განისაზღვა კონკრეტული აქტივობები/სამოქმედო გეგმა სასტიპენდიო პროგრამებთან დაკავშირებით.

მეორე მხრივ ჩვენ გვყავს კურსდამთავრებულებიც. ასეულობით კურსდამთავრებული დღეს საქართველოში სხვადასხვა სფეროში წარმატებული კადრია და ჩვენი პროგრამების მთავარი შედეგიც სწორედ ეს არის. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ დაფუძნდა ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციაც, რომელიც აქტიურად მუშაობს სტიპენდიატების დასაქმების და შემდგომი პროფესიული განვითარების კუთხით. ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება კურსდამთავრებულთა საგრანტო კონკურსები, რომლის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები ახლაც მიმდინარეობს, მიმდინარე წელს დაიგეგმება სხვა საინტერესო პროექტებიც მათი ინიციატივით.

- ამჟამად პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს მასშტაბით კეთდება პროგნოზი, რომ ვირუსის მეორე ტალღას მიმდინარე წლის შემოდგომიდან - ანუ მომავალი სასწავლო სემესტრიდან ელოდებიან. ცენტრისთვის ალბათ აქტუალურია საკითხი: როგორ შეძლებენ სტიპენდიატები სწავლის დაწყებას თუ გაგრძელებას უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში და დისტანციურ რეჟიმში სწავლის შემთხვევაში, აღიარებს თუ არა ქართული საგანმანათლებლო სისტემა დისტანციურად მიღებულ სასწავლო კრედიტებს - როგორია ცენტრის სამომავლო გეგმები და სტრატეგია ამ მიმართულებით?

პირველი და მთავარი, რაც უნდა აღინიშნოს, ეს ჩვენი სტიპენდიატების უსაფრთხოებაა, ისინი არადისტანციურ რეჟიმში სწავლას სხვადასხვა ქვეყანაში მხოლოდ ვითარების დასტაბილურების შემთხვევაში გააგრძელებენ.

რაც შეეხება დისტანციური სწავლების აღიარებას, დღეისთვის ეს აქტუალური შეკითხვაა. ჩვენი პოზიცია მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული უცხოეთში დისტანციური სწავლების ფორმით მიღებული განათლების აღიარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით განხორციელდა.

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილებები უკვე შევიდა და განისაზღვრა შესაბამისი რეგულაციებიც, ამ ცვლილების თანახმად:

,,სასწავლო კრედიტების/სტიპენდიის აღიარება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დისტანციური ფორმით განათლება მიღებულია შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების შედეგად.“

- საერთო ჯამში, როგორია თქვენი შეფასება: გასულ წლებთან შედარებით პროგრამების განხორციელების თვალსაზრისით - რა ინსტიტუციური გამოცდილება შეგძინათ და რა გამოწვევები გააჩინა პანდემიურმა და პოსტ-პანდემიურმა ვითარებამ ცენტრში და ზოგადად, საგანმანათლებლო სექტორში?

- განათლების საერთაშორისო ცენტრი ყოველწლიურად ახორციელებს 12 სასტიპენდიო სქემას, მიუხედავად არსებული ვითარებისა, პარტნიორების მხარდაჭერით და სახელმწიფოს დაფინანსებით შეუფერხებლად გაგრძელდა ყველა პროგრამა, უფრო მეტიც, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაიგეგმა ახალი პროგრამებიც: 19 მაისს, განათლების სამინისტროსა და აშშ-ის საელჩოს შორის დისტანციურად გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებში საქართველოს რეგიონულ უნივერსიტეტებში ინგლისური ენის სწავლების ხელშეწყობის ერთობლივი პროგრამა - ETA – (English Teaching Assistant Programs) ამოქმედდება.

პროგრამის მიზანია საქართველოს რეგიონალურ უნივერსიტეტებში ინგლისური ენის სწავლების და ინსტიტუციური ინტერნაციონალიზაციის პროცესების ხელშეწყობა. 2020 წლიდან აღნიშნული პროგრამა საელჩოსა და განათლების საერთაშორისო ცენტრის თანამშრომლობით გაგრძელდება და კიდევ უფრო დიდ მასშტაბს შეიძენს. ეს პარტნიორობა ცენტრის საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. ამერიკული და ქართული მხარეები მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ერთობლივად უზრუნველყოფენ პროგრამის ადმინისტრირებას.

ამავდროულად, მიმდინარეობს კიდევ ერთი პროგრამის შემუშავება საქართველოში უნგრეთის საელჩოსთან ერთად, რომელიც ჩვენი აქტიური პარტნიორია. პროგრამა პროფესიული მიმართულებით სხვადასხვა სპეციალობებში ერთობლივი სასტიპენდიო სქემის ამუშავებას ითვალისწინებს, როგორც თეორიული საგანმანათლებლო კურსების, ისე პრაქტიკული პროგრამების სახით.

პანდემია და სრულად დისტანციურ რეჟიმში გადასვლა ცხადია, არ იყო მარტივი, თუმცა ვფიქრობ, ცენტრმა უპასუხა არსებულ გამოწვევებს, ამავდროულად, აქტიურად ვმუშაობთ სამომავლო გეგმებსა და ახალ პროგრამებზეც.

როგორც მოგახსენეთ, სხვადასხვა ქვეყანა/უნივერსიტეტი პანდემიის გამოწვევებს განსხვავებულად პასუხობს. არის ქვეყნები/სკოლები ვინც დისტანტურ განათლებას ადგილზე ჩასვლით თავაზობს სტუდენტებს, სხვები კი დისტანტურ განათლებას უცხოეთში მყოფ სტუდენტებს შესთავაზებენ. სადღეისოდ სკოლები სამი შესაძლო სცენარისთვის ემზადებიან: 1. სრულად დისტანტური, 2, ბლენდირებული (შერეული, სადაც ნაწილობრივი დასწრება ან გამოცდებზე მისვლა იქნება შესაძლებელი), 3. ჩვეულებრივი დასწრებული. უმეტესობა სკოლებისა მეორე სცენარს მიიჩნევს შესაძლებლად.

მგონია, რომ ცენტრის დანიშნულება სწორედ ის არის, რომ არსებულ მოცემულობაში განათლების უფლება და შესაძლებლობა, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც აკადემიური მობილობა, რაც განათლების ინტერნაციონალიზაციის ერთერთი დიდი შემადგენელია, ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.

ბევრი საუბრობს, რომ კოვიდ-19-ის შემდგომ განათლების ინტერნაციონალიზაცია სრულიად განსხვავებული იქნება და ნაკლებ ინტერესს გამოიწვევს სტუდენტებში. მე კი მგონია რომ განათლებისა და კვლევის ინტერნაციონალიზაცია კიდევ უფრო მეტ ღირებულებას შეიძენს, საშუალებას მისცემს ქვეყნებს საუნივერსიტეტო კონსორციუმების, ერთობლივი ხარისხის პროგრამების დაფუძნებაში და მეტი საერთაშორისო კვლევის ინიცირებაში. შესაძლოა მოკლეხნიანი სტუდენტური მობილობის ნაცვლად, სრული ხარისხის პროგრამები მეტად დაინერგოს ან - უნივერსიტეტებმა ერთობლივი პროგრამები ბლენდირებული მეთოდით შესთავაზონ სტუდენტებს, მაგრამ ერთი რამ ცხადია: სწავლებასა და კვლევაში საერთაშორისო განზომილება უფრო მნიშვნელოვანი გახდება, რადგან, როგორც კოვიდ 19-მა გვიჩვენა, ახალი საგანმანათლებლო, სოციო-ეკონომიკური თუ პოლიტიკური გამოწვევები 21-ე საუკუნეში ერთი ქვეყნით თუ კონტინენტით უკვე აღარ შემოიფარგლება  და გლობალური ცოდნის საზოგადოების შექმნის საჭიროებას გვიჩვენებს.